შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 11 ივლისიდან ძებნილი ორი პირი – 1987 წელს დაბადებული ი.გ. და 1992 წელს დაბადებული თ.ჭ. თბილისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ი.გ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ხოლო თ.ჭ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით იძებნებოდნენ.

დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ორივე ბრალდებული აღიარებდა „ქურდულ სამყაროს“ და აქტიური კავშირი ჰქონდა „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. ასევე დადგენილია, რომ თ.ჭ. და ი.გ. აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში იმ პირებთან ერთად, რომლებიც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და რუსთავის რაიონული პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 8 ივლისს იქნენ დაკავებული. თ.ჭ., „ქურდულ სამყაროში“ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად, აგრეთვე მონაწილეობდა „ქურდულ გარჩევებში“.

დაკავებულები ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაში არიან მოთავსებული.