ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას თავად უწევს. სოფელში ნაგვის ურნები არ არის. ნაგავი სოფლის ცენტრში, ფანჩატურის მახლობლად დაგროვდა. მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავს, მაგრამ არც მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობენ.
14 ივლისს, სოფელ დილისკაში ინფრასტრუქტურული პროექტების საჯარო განხილვა გაიმართა. განხილვები კლუბის შენობის მახლობლად, სოფლის ფანჩატურთან ჩატარდა. ფანჩატურის მეორე მხარეს უამრავი ნაგავი დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა. ნაგვის ურნები არც სოფელ დილისკაში და არც სოფლის ცენტრში არ არის.
როდესაც Jnews- მა ფანჩატურთან დაგროვილი ნაგავი გადაიღო, სოფლელები შეშფოთდნენ. უმრავლესობამ უარი განაცხადა ფოტოების გამოქვეყნებაზე. თუმცა, გამოჩნდნენ ისეთებიც, ვისაც მათი გამოქვეყნება სურდა. მოსახლეობამ პირობა დადო, რომ შეაგროვებდნენ ნაგავს. თავს კი იმით იმართლებდნენ, რომ ნაგვის ურნების უქონლობის გამო გროვდება ნაგავი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში 4 წელია ნაგავს მოსახლეობა აგროვებს. თითოეული ოჯახი თვეში 4 ლარს იხდის ნაგვის გატანისთვის. ნაგვის გამტანი, ტრაქტორის მძღოლი თავად აგროვებს საფასურს. ტრაქტორი შაბათ-კვირას დადის სოფელში.
ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორი არმენ ბიჩახჩიანი ამბობს, რომ სოფელ დილისკაში ნაგვის ურნების განთავსებას აპირებენ.
“ხალხი სოფელში თავად აგროვებს ნაგავს. დილისკაში ნაგვის ურნები არ არის, რადგან ამის აუცილებლობა არ ყოფილა. ერთი კვირაა, რაც ახალი ნაგვის ურნები მივიღეთ და არ არის გადაწყვეტილი სად დამონტაჟდება. შეიძლება ეს სოფელ დილისკანში მოხდეს”, – აცხადებს არმენ ბიჩახჩიანი.