კულტურის სახლი, რომელიც სოფელ ვარევანში 2018 წელს გარემონტდა, უხარისხოდ შესრულებული  სამუშაოების გამო დღითიდღე ინგრევა. ახალქალაქის მერიაში ამბობენ, რომ კომპანია, რომელმაც სარემონტო სამუშაოები განახორციელა, მზად არის ხარვეზები გამოასწოროს. ეს სამუშაოები 2021 წელს დაიწყება.

JNEWS-მა არაერთხელ წამოსწია ვარევანის კულტურის სახლის მდგომარეობის თემა. შენობამ, რომლის გარემონტებისათვის 61 408 ლარი გამოიყო, ექსპლუატაციაში შესვლამდე დაიწყო ნგრევა. გარემონტებულ კულტურის სახლში არავინ მუშაობს. გარემონტებიდან, რამდენიმე თვეში შენობის ჭერი ჩამოინგრა, ახლა უკვე შენობის კედლები დანესტიანდა და ნაგებობა თანდათან ინგრევა.

ვარევანში გარემონტებული კულტურის სახლი ინგრევა სოფელ ვარევანის გარემონტებულ კლუბში უკვე ჭერი «ინგრევა»

JNEWS-მა ვერ მოახერხა იმ კომპანიასთან დაკავშირება, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა, ჩვენს შეკითხვებზე პასუხების ძებნა ახალქალაქის მერიაში დავიწყეთ.

«ჩვენ მშენებელთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რათა მოვიდნენ და ხარვეზები გამოასწორონ. ეპიდემიის გამო დრო მოითხოვეს, მაგრამ ჩვენ არ დავეთანხმეთ მათ მიერ შემოთავაზებულ ვადებს და ჩვენი წინადადება შევთავაზეთ, თუკი ჩვენ მიერ დაწესებულ პერიოდში სამუშაოებს არ შეასრულებს, სასამართლოს მივმართავთ. კომპანიას 2021 წლის მაისის ბოლომდე სჭირდებოდა დრო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკარანტინე ვადებში ვეტევით, მიზანშეწონილად არ ვთვლით ასეთი დიდი ვადა მივცეთ»,- განაცხადა ახალქალაქის მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სამსახურის ხელმძღვანელმა, ვრეჟ ბერიკიანმა.

მერია კომპანიისგან 3 377 ლარს ითხოვს ვარევანის კულტურის სახლის უხარისხო რემონტისთვის. როგორც უკვე მერიაში აღნიშნეს, კომპანიამ მისი გარემონტების მზადყოფნა გამოხატა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ვარევანში კულტურის სახლის შენობის სარემონტო სამუშაოების ჩატარების ტენდერი შპს «იაკობმა» მოიგო. ჯერ კიდევ 2019 წელს, JNEWS-მა მიმართა ზურაბ ხოზრევანიძეს, შპს «იაკობის» დირექტორს, ჭერის ჩამონგრევასთან დაკავშირებით, რაზეც მან უპასუხა, რომ «ჯერჯერობით უცნობია, კომპანია სამშენებლო ხარვეზებს, როდის გამოასწორებს».