ოპოზიციური პარტია «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა» საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო საქმიანობას აჩერებს, – ამის შესახებ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, პარტია მონაწილეობას, მხოლოდ მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურაში აპირებს, აგრეთვე, კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე ხმის მიცემის პროცესში.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ფრაქცია “ძალა ერთობაშია”, რა თქმა უნდა, არ გააგრძელებს მონაწილეობას ამ რუტინულ პროცესში, რომელსაც თვალთმაქც, ცრუ პარლამენტში მუშაობას უწოდებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით საქართველოს მოქალაქეების გვერდით, იმ ჟურნალისტების გვერდით, რომლებსაც კლავენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით”, – განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ლგბტ+ საზოგადოების მხარდასაჭერად თბილისში უნდა ჩატარებულიყო “ღირსების მარში” (Tbilisi Pride). თუმცა, აგრესიულად განწყობილმა ჯგუფებმა მსვლელობა შეაფერხეს და არეულობები გამოიწვიეს. მათ დაიწყეს ჟურნალისტებზე თავდასხმა, რის შედეგადაც მედიის 53 თანამშრომელი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი – ტელეკომპანია TV Pirveli -ის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, საავადმყოფოდან გაწერიდან, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირებას ასახელებს, თუმცა, ზუსტი მიზეზი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით უნდა დადგინდეს.
“ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალების გამო, 11 ივლისს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ ჟურნალისტების, ოპოზიციონერებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია გაიმართა. მიტინგის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. თავად პრემიერმა 12 ივლისს, დილით განაცხადა, რომ მიტინგის უკან დგას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. მან ამ ქმედებას ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიქართული უწოდა.
ღარიბაშვილის განცხადებების შემდეგ, ვითარება საქართველოს პარლამენტშიც დაიძაბა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სპიკერის ტრიბუნა დაბლოკეს. სხდომათა დარბაზში შეჭრილი ჟურნალისტები საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან გაიყვანეს.