სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას ვიზიტი წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონატში დასრულდა, თუმცა ის მუდმივი ხასიათის იქნება. უკვე არის სახალხო დამცველის პირველი რეკომენდაციები. პანსიონატის ხელმძღვანელობა მზადყოფნას გამოთქვამს ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინოს.
დღეს ნინო ლომჯარიას ვიზიტი უფრო ინფორმაციული ხასიათის იყო, ის ბავშვებს გაეცნო.
”რა თქმა უნდა, იყო გარკვეული გაუცხოება, ცუდი წარმოდგენა ბავშვების მხრიდან, შიში. დღეს ჩვენი მთავარი მიზანი იყო ბავშვების გაცნობა, მათთან კონტაქტი, საუბარი”, – ამბობს საქართველოს სახალხო დამცველი.
ნინო ლომჯარიამ დღეს, ბავშვთა სახლის დოკუმენტაციაც დაათვალიერა.
“პირველ რიგში, გვაქვს რეკომენდაცია, რომ დოკუმენტაცია მოწესრიგდეს, ბევრი და ქაოსურია. ჩვენ გავაგრძელებთ დოკუმენტაციის შესწავლას, ერთი დღე ნამდვილად არ იყო საკმარისი ამისთვის. ერთი შეხედვით, არ არსებობს ერთიანი ბაზა. სრული ინფორმაცია არ არსებობს “, – თქვა მან და აღნიშნა, რომ შეზღუდული დროის გამო, შეფასების გაკეთებას არ ჩქარობს.
ნინო ლომჯარიას თქმით, პანსიონატის წარმომადგენელთა მხდიდან თანამშრომლობის მზადყოფნა არის.
”დღეს სრული მზადყოფნა ვიგრძენი, რომ რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული”, – თქვა მან.
ეს აზრი ბოდბის ეპისკოპოსმა, იაკობმაც დაადასტურა, რომელიც პანსიონატის ხელმძღვანელია.
“ჩვენ გავითვალისწინებთ აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას, როგორც ევროკავშირის, ასევე UNICEF-ის, ჩვენი სახელმწიფოს, პირველ რიგში, კანონის. ჩვენი კარი ღიაა”, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.
17 ივნისს, ბოდბის ეპისკოპოსი იაკობი და საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდაში მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა და ობოლთა პანსიონატის საკითხების განსახიველად შეხვდნენ. სწორედ ამ შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ პანსიონატის მმართველი, ბოდბის ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი და სახალხო დამცველი პანსიონატში ერთად შევიდოდნენ.
ბავშვთა სახლის ირგვლივ სკანდალი დაახლოებით 2 თვის წინ ატყდა, როდესაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ იქ მონიტორინგისთვის არ შეუშვეს. ამის შემდეგ, პანსიონატში ძალადობის შემთხვევებზე საუბარი დაიწყო, ასევე ბავშვთა დაწესებულების სხვა მრავალ უხეშ დარღვევაზე. გაერომ საქართველოს ხელისუფლებას ნინოწმინდის ბავშვთა სახლის მონიტორინგი დაავალა. ივნისის დასაწყისიდან ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და სოციალური მუშაკები მუშაობენ, რომლებიც იქ საათობით რჩებიან. ბავშვთა დაწესებულებას დეპუტატები ეწვივნენ, სპეციალურად ამ თემაზე მუშაობდა საპატრიარქოში შექმნილი კომისია. რამდენიმე ბავშვი სხვა, ალტერნატიულ ადგილებში გადაიყვანეს, ან ოჯახებში დააბრუნეს. ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ძალადობისა და გაუპატიურების შემთხვევების გამოძიება მიმდინარეობს.