დღეს, 2 ოქტომბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. ნინოწმინდის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ვაჰან აროიანი გახდა.
საკრებულოს ოცდაექვსი დეპუტატიდან, არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო ორმა. დეპუტატ, ვარაზდატ არზუმანიანმა ხმის მიცემაზე უარი განაცხადა, ხოლო დანარჩენ, ოცდასამმა დეპუტატმა ხმა ახლად არჩეულ თავმჯდომარეს მისცა.
ვაჰან აროიანმა, მის მიმართ გამოხატული ნდობისათვის, კოლეგებს მადლობა მოუხადა და ირწმუნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების პრობლემებს, ეტაპობრივად მოაგვარებენ.
ვაჰან აროიანის თქმით, დეპუტატები მთავრობის გეგმის შესაბამისად იმუშავებენ, რათა განვითარდეს ინფრასტრუქტურა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის რაციონალური განაწილება მოხდეს.
შეკითხვაზე, თუ რა პრობლემებს ხედავს და როგორ უნდა მოაგვაროს ისინი, აროიანმა უპასუხა, რომ მთავარი პრობლემა კორონავირუსია და მოსახლეობას მოუწოდა კორონავირუსისგან დაიცვან თავი და დაიცვან ყველა ჰიგიენის წესი.
“ასევე მიწების და წყლის პრობლემები გვაქვს და ეს საკითხები პარლამენტში უნდა დაისვას”, – თქვა მან.
ვაჰან აროიანი 1987 წელს, სოფელ ეშტიაში, მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფესიით იურისტია. გაიარა მოსამზადებელი კურსი ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლაში. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში, იურისტის თანამდებობაზე მუშაობდა. ასევე, განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განყოფილებაში, ექსპერტი იურისტის თანამდებობას იკავებდა. გარდა ამისა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში იურიდიული კონსულტანტი იყო. ამის შემდეგ ის ქალაქ ნინოწმინდაში, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” შტაბში მუშაობდა. სამი წლის განმავლობაში, სოფელ ეშტიაში, საკრებულოს დეპუტატი იყო.
შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, სუმბათ კიურეღიანმა თანამდებობა დატოვა და 2020 წლის დამდეგ საპარლამენტო არჩევნებისთვის, პარტიული სიით, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მხრიდან იყრის კენჭს.
მასალა Nor.ge-დან