სოფელი ყაურმის მცხოვრები გორში კორონავირუსის ხელმეორედ გამოკვლევაზე წაიყვანეს მას შემდეგ, რაც რუსეთიდან ჩამოსვლისას კარანტინი გაიარა. სოფელში მუდმივად პოლიცია პატრულირებს, რათა მოსახლეობამ უსაფრთხოების ზომები გაითვალისწინოს იქამდე, ვიდრე გორში გამოკვლევა დასრულდება. აღსანიშნავია რომ, სოფელში დაძაბულობა არ შეინიშნება.
სოფელი ყაურმის მცხოვრები საკუთარ სახლში 31 მაისს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა და 14 დღის განმავლობაში საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა. ის კორონავირუსზე შეამოწმეს, მაგრამ სახლში გაუშვეს. გუშინ, 2 ივნისს შუადღის შემდეგ სოფელი ყაურმის 44 წლის მცხოვრები კორონავირუსზე ეჭვით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. თვითონ მცხოვრებმა ადგილობრივ საავადმყოფოს ან ექიმებს არ მიმართა. მას ეძებდნენ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან იპოვეს.
თანასოფლელების თქმით, ამ მცხოვრებთან ერთად რუსეთიდან სოფელში რვა ადამიანი დაბრუნდა, რომლებმაც ერთად გაიარეს კარანტინი, თუმცა მხოლოდ ერთი მათგანი, 44 წლის მამაკაცი იქნა წაყვანილი ხელმეორე გამოკვლევაზე.
«სოფლიდან 8 ადამიანმა ერთად გაიარა კარანტინი, თითო ოთახში ორნი იყვნენ და კარანტინის შემდეგ ისინი სახლში გამოუშვეს»,- ამბობს სოფელი ყაურმის მცხოვრები.
სოფელში პანიკა არ არის, ისინი თვითიზოლირებულები არ არიან და ყოველდღიურ ცხოვრებას ჩვეულებრისამებრ აგრძელებენ. სოფელს პოლიცია აკონტროლებს, რათა სოფლის მოსახლეობამ წესრიგი შეინარჩუნოს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ტიგრან ეგოიანის თქმით, სოფელი ყაურმის მცხოვრები გორში იმყოფება, ხოლო დანარჩენი სოფლის მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ მხოლოდ მკაცრი აუცილებლობის შემთხვევაში და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით გავიდნენ სოფლიდან, ვიდრე კორონავირუსის ტესტის პასუხი გახდება ცნობილი.
სოფლის მოსახლეობის თქმით, ისინი დაავალდებულეს პირბადეები და ხელთათმანები ატარონ სოფლიდან გასვლის შემთხვევაში და დაიცვან დისტანცია, როგორც სოფელში, ასევე სოფლის გარეთაც, ვიდრე ცნობილი არ გახდება სოფელი ყაურმის 44 წლის მცხოვრების კორონავირუსის ტესტის პასუხი.
2 ივნისის ღამეს, 23:00 საათის შემდეგ, TV Imedi-მ გაავრცელა მასალა, სადაც ამტკიცებენ, რომ სოფელი ყაურმის მცხოვრების სინჯის შედეგები გუდაურში საკარანტინე ზონაში აერიათ, და «ამის შედეგად 44 წლის კორონავირუსით დაავადებული მამაკაცი ნინოწმინდაში მოხვდა».
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის პრესმდივანმა, Jnews-თან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ გამოკვლევა დასრულებული არ არის და დაავადება დამტკიცებული არ არის.
დღეს, დილით ადრე, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მტკიცებულება მასზედ, რომ ტესტის შედეგები აერიათ და სოფელი ყაურმის მცხოვრები დაავადებულია, სიმართლეს არ შეესაბამება.