მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ვირუსს 2 მილიონი ადამიანი პანდემიის დაწყებიდან 1 წელში ემსხვერპლა, შემდეგი 2 მილიონი ფატალური შემთხვევა კი მხოლოდ 166 დღეში დადასტურდა.
ყველაზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს შეერთებულ შტატებს, ბრაზილიას, ინდოეთს, რუსეთსა და მექსიკას. ამ ხუთ ქვეყანაზე მსოფლიოში დაღუპულთა საერთო რაოდენობის 50%-ი მოდის. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, წილობრივად ყველაზე მეტი ადამიანი პერუში, უნგრეთში, ბოსნიაში, ჩეხეთსა და გიბრალტარში დაიღუპა.
ჯანდაცვის ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში დაღუპულთა რეალური რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს ბევრად აჭარბებს.