გუშინდელი ძლიერი ქარის შედეგად, ახალქალაქის ზოგიერთი მკვიდრი დაზარალდა. ქარმა შენობებს, მათ შორის საცხოვრებელ სახლებს სახურავი მოხადა.
ახალქალაქის მერიამ უკვე მიიღო რამდენიმე განცხადება და უახლოეს მომავალში ზიანის შეფასებაზე დაიწყებს მუშაობას.
”ჩვენთან უკვე შემოდის განაცხადებები, ამჟამად სოფლებიდან არ მიგვიღია განცხადება, როგორც ჩანს, ქალაქში უფრო მეტი დაზიანება იყო. პირველ სამხედრო ქალაქში ორი საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა, მცირედით დაზიანდა კულტურის ცენტრის სახურავი, დაზიანდა ორი საწყობის შენობა, ერთი ხოსპიოსკენ მიმავალ გზაზე და მეორე – ლუდსახარში საწყობის შენობის სახურავი”, – თქვა მერმა იურიკ უნანიანმა.
კომპენსაციის პრიორიტეტი ენიჭება საცხოვრებელ შენობებს, რაც შეეხება საწყობის შენობებს, მერიას დიდი ფინანსური სახსრები არ აქვს, ამიტომ ხალხმა ეს დაზიანებები საკუთარი სახსრებით უნდა აანაზღაუროს.
”მე ჯერ მოვითხოვ, შეაფასოთ ამ შენობების ზარალის ხარისხი. შევხედავთ, რა ვითარებაა და ამის შემდეგ გადაწყდება, ნაწილობრივ დავეხმარებით, თუ არა,”- აღნიშნავს უნანიანი.
უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ, ძლიერი ქარი, რამდენიმე საათი გრძელდებოდა, რამდენიმე სოფელი დღეს, შუადღემდე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ასევე, ახალქალაქი-ახალციხის გზაზე ორი დიდი ხე მოგლიჯა, რომლებმაც ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანეს.
დავამატებთ, რომ ბოლო დროს ძლიერი ქარის გამო, რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა დაზარალდა, ზარალი მერიამ აანაზღაურა. სულ 52 ოჯახი დაზარალდა, კომპენსაციის თანხამ 23 100 ლარი შეადგინა.