ტელეკომპანია “ტვ პირველის” მიერ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით  მომზადებულ სიუჟეტში, საუბარია ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონატის მმართველის,  მეუფე სპირიდონის ნასამართლეობაზე.  ტელეკომპანიის მასალაში ნათქვამია, რომ მეუფე სპირიდონი წარსულში, არასრულწლოვანი ბავშვის გაუპატიურების გამო არის ნასამართლევი.

თავის მასალაში “ტვ პირველმა” ყვება, მიტროპოლიტი სპირიდონი, რომელიც ნინოწმინდაში წმინდა ნინოს ობოლ ბავშვთა სახლს მართავს, არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების და ხულიგნობისთვის ორჯერ იყო ნასამართლევი. ტელეარხი სვამს კითხვას, რამდენად მიზანშეწონილია, ბავშვების დატოვება ნასამართლევი ადამიანის ხელში. რეპორეტაჟში, ასევე, ნათქვამია, რომ ის 1984 წელს გაასამართლეს და  სამაგალითო საქციელის გამო ნაადრევად გაათავისუფლეს.

Jnews-ი ამ საკითხთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატს დაუკავშირდა, რათა გაერკვია რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს. სახალხო დამცველის აპარატში გვაცნობეს, რომ ამ ინფორმაციის მოძიება მიმდინარეობს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ კომენტარის გაკეთებას.

«მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ დავიწყეთ პრობლემის გამოკვლევა და ყველა შესაბამის უწყებას მივწერეთ, ამჟამად შესწავლის ეტაპზე ვართ და უფრო დეტალურ ინფორმაციას ვერ გაგიზიარებთ», – განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძემ.