სამშენებლო ნარჩენები, რომლებსაც მოსახლეობა ნაგვის ურნებში ყრის, ახალქალაქის სერვისცენტრის კონტეინერებს და მანქანებს აზიანებს, თუმცა სამშენებლო ნარჩენების გადასაყრელი გარკვეული ადგილი არ არსებობს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტს არ აქვს სამშენებლო ნარჩენების სპეციალური ნაგავსაყრელი. მოსახლეობა სამშენებლო ნარჩენებს ნაგვის კონტეინერებში ყრის, რაც სერვისცენტრის თანამშრომლების მუშაობას ართულებს. ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორის, არმენ ბიჩახჩიანის თქმით, სამშენებლო ნარჩენების გამო, ნაგვის მანქანა ორჯერ გაფუჭდა.
ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორი მოსახლეობას სთხოვს და მოუწოდებს, არ ჩაყარონ ნაგავი კონტეინერებში, რომლებიც გათვალისწინებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის.
“ბოლო დღის განმავლობაში, უკვე ორ ადგილას, მუშებმა კონტეინერებში სამშენებლო ნარჩენები აღმოაჩინეს, ისინი იძულებულნი იყვნენ ხელით გაეტანათ და გადაეყარათ. დიდი ქვები და სხვა სამშენებლო მასალა იყო. მანქანა გაფუჭდა, ისინი არ არის განკუთვნილი სამშენებლო ნარჩენებისთვის”, – ამბობს არმენ ბიჩახჩიანი.
თუმცა, აღვნიშნავთ, რომ მუნიციპალიტეტში არ არსებობს ცალკეული ადგილი, სადაც მოსახლეობას სამშენებლო ნარჩენების წაღება შეუძლია. კონტეინერებში არ შეიძლება, მაგრამ ასევე, არ არის გარკვეული ადგილი, სადაც მოსახლეობას შეეძლება სამშენებლო ნარჩენების გადაყრა. არმენ ბიჩახჩიანის თქმით, ადამიანები ხშირად მიმართავენ მათ და ეკითხებიან, რა მოუხერხონ სამშენებლო ნარჩენებს.
არმენ ბიჩახჩიანის თქმით, ეს საკითხი 2020 წელს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილა.
“ჩვენ ასეთი ადგილი არ გვაქვს. მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ სამშენებლო ნარჩენებისთვის ტერიტორია გამოყოს. სიტყვიერად განვიხილეთ, მაგრამ ეს საკითხი გადაუჭრელი დარჩა”, – თქვა სერვისცენტრის დირექტორმა, არმენ ბიჩახჩიანმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, იურიკ უნანიანის თქმით, მუნიციპალიტეტს არ აქვს სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილი ადგილი.
“რა თქმა უნდა, კონტეინერები ფუჭდება. მუნიციპალიტეტს არ აქვს გამოყოფილი ადგილი სამშენებლო ნარჩენებისთვის და ისეთი მიწის ნაკვეთი, რომლის გამოყოფაც შეგვიძლია ამ მიზნით. დღესდღეობით ამ საკითხს არ განვიხილავთ. კომპანიებს ნაგავი თვითონ გააქვთ, ხოლო მოსახლეობას მათი ნაგავი თვითონ გააქვს ნაგავსაყრელზე“, – თქვა იურიკ უნანიანმა.