მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან, “მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონში” ახალი რეგულაცია მოქმედებს, რომლის თანახმად მიწების რეგისტრაცია შესაძლებელია დოკუმენტების გარეშე. მერიამ მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირება უნდა მოახდინოს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაცია პრობლემურია. სოფლის მოსახლეობის უმეტესობას მიწის ნაკვეთის პასპორტი არ გააჩნია, რის გამოც საჯარო რეესტრში ვერ ახერხებს მიწის ნაკვეთის რეგისტრირებას.
მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ, დაახლოებითი მონაცემით, დარეგისტრირებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების 40%. ასეთი გაურკვევლობა გამოწვეულია იმით, რომ რეფორმების დროს ყველას არ დაურიგდა დოკუმენტები, რამაც გამოიწვია რეგისტრაციის პრობლემა.
ყველა სოფელში განსხვავებული პრობლემებია, მაგრამ საბოლოოდ ეს უკავშირდება, ან არასრულყოფილ დოკუმენტაციას, ან საერთოდ მის არარსებობას. სოფლებში ასეთი დოკუმენტები არქივში ინახებოდა. ადგილობრივების ნაწილმა ვარ აიღო პასპორტი, რადგან საამისოდ საჭირო თანხა ვერ გაიღეს. ზოგიერთის დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილი ყველა საჭირო ხელმოწერის, ბეჭდის, ან გაცემის თარიღის გათვალისწინებით. ასევე, არის სოფლები, სადაც აეროგადაღებისას მიწის საზღვრები არასწორად არის მონიშნული.
საქართველომ მიწების რეგისტრაციის პროცესი 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან დაიწყო. ეს პროცესი რამდეჯერმე განახლდა, რადგან ბევრი მიწა იყო დაურეგისტრირებელი. “მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონში”, რამდენჯერმე შევიდა შესწორება და რამდენჯერმე გამოცხადდა აქცია.
უკანასკნელი ცვლილებების თანახმად, შესაძლებელია იმ ადამიანების მიწების რეგისტრაცია, რომლებსაც არ გააჩნიათ დოკუმენტაცია, მაგრამ მიწას იყენებენ და ის მიწების რეფორმის დროს მიიღეს. თუკი ადამიანს სურს მიწის დარეგისტრირება, მაგრამ არ გააჩნია დოკუმენტები,საჭიროა მიწის აეროგადაღება და სახელმწიფო რეესტრში მისვლა. ამის შემდეგ, რეესტრი დაიწყებს არქივიდან დოკუმენტების შეგროვებას.
“ახალი ცვლილებების თანახმად, დოკუმენტები იდენტიფიკაციისთვის მერიაში იგზავნება, რათა გაიცეს იურიდიული აქტი, რომელიც მიწის მფლობელს მისი დარეგისტრირების უფლებას მისცემს. საკმარისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში მერია მიიღებს გადაწყვეტილებას, სხვა შემთხვევაში დამატებით დოკუმენტებს მოითხოვს. იდენტიფიკაციის დროს ვავსებთ ადგილის დათვალიერების პროტოკოლს. ვავსებთ აქტს ნაკვეთის მეზობლების ჩვენებაზე დაყრდნობით. მერიის ვალდებულებაა – დაამტკიცოს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ნამდვილად ეკუთვნის იმ მოქალაქეს, რომელსაც სურს დარეგისტრირება, რომ არ მიუღია, ან უყიდია რეფორმების შემდეგ. დასტურდება მიწის ნაკვეთი, რომელსაც იყენებენ 2007 წლის სექტემბრიდან”, – ამბობს იურიდიული მომსახურების ადმინისტრაციული და იურიდიული განყოფილების უფროსი ვრეჟ ბერიკიანი.
მისი თქმით, მერიას ბევრი სამუშაო ექნება, რადგან არ არის გამორიცხული, რომ ხალხმა მოითხოვოს იმ მიწების რეგისტრაცია, რომელიც სხვა დროს არის შეძენილი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან დღემდე, მიწის რეგისტრაციის 4500 საქმე დასრულდა, 700 კი, განხილვის პროცესშია.
ახალი რეგულაციების თანახმად, მერიაში განიხილება 60 საქმე, რომლებიც ჯერ კიდევ იდენტიფიკაციის პროცესშია, ამ საკითხზე არცერთი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
ყველა საქმეს მერია არ განიხილავს. იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია წესრიგშია და რეესტრშიც ადასტურებენ, რომ მიწა ნამდვილად ეკუთვნის ამა თუ იმ პირს, მიწის ნაკვეთს მერიის მიერ იდენტიფიკაციის გარეშე არეგისტრირებენ.
ვრეჟ ბერიკიანის თქმით, მუნიციპალიტეტში არ არის ისეთი სოფელი, სადაც მიწის რეგისტრაციის საკითხი მთლიანად დასრულებულია. თუმცა არის სოფლები, საცა ეს მაჩვენებელი მაღალია. ეს ძირითადად ის სოფლებია, სადაც საერთაშორისო პროექტები ხორციელდება. მაგალითად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ან ჰესების მშენებლობა.
ახალი კანონის თანახმად, საჭირო დოკუმენტების არქონის შემთხვევაში შესაძლებელია 0,75 ჰა ფართობის მიწის რეგისტრაცია, ასევე, შესაძლებელია 1,25 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის რეგისტრაციაც, თუკი დამტკიცდება, რომ პირმა ეს მიწა რეფორმების დროს მიიღო.