საქართველოში ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არ აღიარებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, საერთო შტაბს ქმნიან, – ამის შესახებ დღეს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

შტაბის პრეზენტაცია 19 აპრილს გაიმართება, თბილისის რიყის პარკში დაგეგმილ აქციაზე. როგორც ”სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა განმარტა, ეს გახდება ”ერთგვარი პრელუდია” 15 მაისს, თბილისში დაგეგმილი მასშტაბური ოპოზიციის მიტინგისთვის.

”19 აპრილს დიდი აქცია არ გაიმართება, არამედ შტაბების, დიდი გენერალური შტაბების პრეზენტაცია”, – განაცხადა მან.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია საზოგადოებას გეგმებს რიყის პარკში წარუდგენს. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ 15 მაისის მიტინგზე “მთელი საქართველოს” ნახვას ელოდება.

ამ კვირაში ოპოზიციის ლიდერებმა რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს. პოლიტიკოსები მოქალაქეებს მოუწოდებენ შეუერთდნენ მათ პროტესტს.

15 მაისის მიტინგის მთავარი მოთხოვნა იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

“ლეიბორისტების” ოფისში შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა ასევე დაადასტურეს, რომ ეს პირობა მნიშვნელოვანია პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტისა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში თითქმის ხუთი თვის განმავლობაში გრძელდება. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სამოცი ოპოზიციონერი დეპუტატიდან მხოლოდ ექვსი მონაწილეობს პარლამენტის სხდომებში.

ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დენიელსონი მარტში ორჯერ ეწვია თბილისს კრიზისის მოგვარებაში ხელშეწყობისთვის. მან მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წევრებს პოლიტიკური კრიზისის მოგვარების შესახებ საკუთარი ხედვით შექმნილი დოკუმენტი წარუდგინა, რაც სისტემურ საარჩევნო რეფორმებს და მართლმსაჯულების სექტორში ცვლილებებს გულისხმობს.

მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” ამ გეგმას ხელი მოაწერა. ხელისუფლების ოპონენტები კომპრომისისთვის მზად არ არიან. ისინი ამტკიცებენ, რომ ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ე.წ პოლიტპატიმართა განთავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხებს.