„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” შეისწავლა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების (ახალციხე, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ადიგენი და ბორჯომი) თანამდებობის პირთა 2020-2021 წლის დეკლარაციები. კვლევის დროს შევისწავლეთ მერიებისა და საკრებულოების 144 თანამდებობის პირის დეკლარაცია. 49 დეკლარაციაში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა, ასევე გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის/შეუთავსებელი საქმიანობის 27 შემთხვევა.
აღსანიშნავია, რომ ცალკეულ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები ჩართული არიან სახელმწიფო შესყიდვებშიც.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 22 თანამდებობის პირიდან, დეკლარაცია ხარვეზებით ხუთმა შეავსო.
კონსტანტინ ვარდანიანი – ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
კონსტანტინ ვარდანიანმა 2020 წლის ივნისში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე ალბინა ვარტანიანი,
2015 წელს დაფუძნებული შპს „ტელეკომპანია ფარვანას“ 100% წილის მფლობელი და დირექტორია.
გიორგი ზმოიანი – ნინოწმინდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატული საქართველოს“ თავმჯდომარე
გიორგი ზმოიანს 2020 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ ჩაუწერია, რომ 2011 წლიდან იგი ააიპ „ჯავახეთის სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისა და განვითარების ასოციაციის“ დირექტორია. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონით, საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში, ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში.
ანდრანიკ კარაპეტიანი – ნინოწმინდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ თავმჯდომარე
ანდრანიკ კარაპეტიანს 2020 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი 2011 წლიდან ინდივიდუალური მეწარმეა.
დავიდ დურგარიანი – ნინოწმინდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – ახალგაზრდების“ თავმჯდომარე
დავიდ დურგარიანს 2021 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ 2016 წლიდან ინდივიდუალური მეწარმეა.
ვაგინაკ არზუმანიანი – ნინოწმინდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – მაჟორიტარების“ თავმჯდომარე
ვაგინაკ არზუმანიანს 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკალრაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე ანი არზუმანიანი, 2013 წლის მარტიდან, ინდივიდუალური მეწარმეა.