აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სამცხე-ჯავახეთში იმყოფება. 25 ოქტომბერს საქართველოსა და აშშ-ს შორის 30-წლიანი თანამშრომლობის პატივსაცემად ახალციხეში მიღება გაიმართა. 26 ოქტომბერს კი აშშ-ს ელჩი ახალქალაქსა და ნინოწმინდას ეწვია.
25 ოქტომბერს ახალციხეში, სასტუმრო ჯინო ველნესში, რაბათში, აშშ-ს საელჩომ აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის 30-წლისთავთან დაკავშირებით მიღებას უმასპინძლა, სადაც მოიწვიეს ცენტრალური და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, რეგიონული მედიის წარმომადგენლები, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, სასამართლო ხელისუფლების, სამხედრო სარდლობის, ჯანდაცვის წარმომადგენლები და ა.შ. ელჩმა აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.
“ძალიან მიხარია, რომ ერთი წლის შემდეგ სამცხე-ჯავახეთში დავბრუნდი, რადგან აქ სანახავი ბევრია. ბევრი სიახლეებიც ინერგება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა სფეროდან, იქნება ეს განათლება, თავდაცვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა თუ სხვა სფეროები. ყველგან არაჩვეულებრივი პარტნიორები გვყავს და მადლობას ვუხდი კარგი, ეფექტური თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა აშშ-ს ელჩმა სიტყვით გამოსვლისას.
კელი დეგნანი ახალციხეში 25 ოქტომბერს სკოლის მოსწავლეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასამართლოს წარმომადგენლებს შეხვდა.
ახალქალაქში ელჩი ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს და მე-4 და მე-3 სკოლების მოსწავლეებს შეხვდა. შემდეგ კი ნინოწმინდაში გაემგზავრა, სადაც ჰქონდა შეხვედრები წარმომადგენლებსა და მედიასთან.