საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სამცხე–ჯავახეთის ცენტრალური გზების მოვლა–შენახვისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ორ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა. ხელახალი ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
11 780 000 ლარიან ტენდერში შპს „გზა და ხიდი“ და შპს „არალი“ მონაწილეობდა. ორივე კომპანიას სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მიანიჭა.
„აუცილებლად გამოცხადდება ახალი ტენდერი, მიმდინარე კვირაში უკვე გვეცოდინება ზუსტი თარიღი, ამ ეტაპზე უცნობია“, – განგვიცხადეს დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
2020 წელს რეგიონში მდებარე ცენტრალური გზების მოვლა–პატრონობაზე პასუხისმგებელი შპს „ჯავახავტოგზა“ იყო. კომპანიის დირექტორმა, ნოდარ ინასარიძემ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ამოიწურა და სამუშაოებს ვეღარ გააგრძელებდა, იგი საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელახალი ტენდერის დროულ გამოცხადებას სთხოვდა.
დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ გამარჯვებული კომპანიის გამოვლენამდე რეგიონში გზებზე პასუხისმგებელი შპს „გზა და ხიდია“.
სინოპტიკოსების განცხადებით, სამცხე–ჯავახეთში უამინდობა 5 მარტამდე გაგრძელდება, დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზები ხშირად ნინოწმინდასა და ახალქალაქში იკეტება.