საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გახსნა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, წელს პირველად გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ონლაინფორმატში გამართული ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

ფორუმზე ხაზი გაესვა ქართული დიასპორის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დიასპორასთან ურთიერთობების შენარჩუნება და მისი გაძლიერების ხელშეწყობაა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა ძალებმა იმუშაონ  საპარლამენტო წარმომადგენლობაში დიასპორის ჩართულობის საკითხზე.

პრეზიდენტის თქმით, სულ რაღაც ორი დღის წინ, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისათვის ვადა ორი წლით გაახანგრძლივა.

„მრავალი წლის განმავლობაში სწორედ ჩემი თაოსნობით მიმდინარეობდა მუშაობა ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რისი ინიცირებაც ჩემი დეპუტატობის პერიოდში მოხდა. დღესაც, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო უწყებებთან ერთად ამ საკითხებზე ვაგრძელებ მუშაობას.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ვმასპინძლობ და ვხსნი ამ ფორუმს.100 წლის წინ, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სფეროს მნიშვნელოვანი წარმომადგენლები საბჭოთა ტირანიას გაექცნენ და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია შექმნეს. მათ შორის იყვნენ ჩემი მშობლებიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი წასვლა კაპიტულაცია არ ყოფილა. ეს იყო საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების შენარჩუნების და დემოკრატიულ სამყაროში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გაგრძელება.

მათ მიერ საქართველოს ინტერესების მუდმივმა ადვოკატირებამ ჩამოაყალიბა ძლიერი და ენერგიული საზოგადოება ევროპასა და ამერიკაში, რომელიც დღემდე აქტიურია. დღეს, 100 წლის შემდეგ, ქართული დიასპორა უფრო ფართოა და აქტიურად მონაწილეობს საზოგადოების ყველა სფეროს საქმიანობაში – მწერლებს, კომპოზიტორებს, მოცეკვავეებს, მსახიობებს, ბიზნესმენებს, დიზაინერებს, მეცნიერებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, სპორტსმენებს სამშობლოსადმი სიყვარული აერთიანებთ. თითოეული თქვენგანი ჩვენი ერის ელჩია და თქვენი სახელი და წარმატება თითოეულ ჩვენგანზე აისახება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან, როგორც პრეზიდენტმა, ერთ-ერთ  მთავარ პრიორიტეტად  ქართულ დიასპორასთან ურთიერთობების შენარჩუნება და გაძლიერება დაისახა.

„თითოეულ ქვეყანაში, რომელსაც ვესტუმრე, შევხვდი ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ სტუდენტებს, რათა დაგვენახა ემიგრაციასა და სამშობლოს შორის არსებული კავშირების გამყარების გზები.

პოლიტიკურ ძალებს მოვუწოდე, რომ იმუშაონ  საპარლამენტო წარმომადგენლობაში დიასპორის ჩართულობის საკითხზე. სულ რაღაც ორი დღის წინ, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისათვის ვადა ორი წლით გაახანგრძლივა.
მრავალი წლის განმავლობაში სწორედ ჩემი თაოსნობით მიმდინარეობდა მუშაობა ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რისი ინიცირებაც ჩემი დეპუტატობის პერიოდში მოხდა. დღესაც, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო უწყებებთან ერთად განვაგრძობ ამ საკითხებზე ვაგრძელებ მუშაობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ გავამარტივოთ მოქალაქეობის მიღების პირობები.

პანდემიამ მთელ მსოფლიოზე იქონია გავლენა. ახლა, როგორც არასდროს, არსებული სიტუაციის გადასალახად მნიშვნელოვანია სოლიდარობა. პანდემიამ პრიორიტეტებიც შეცვალა, ყოველ შემთხვევაში, დროებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ კრიზის შესაძლებლობად გარდაქმნის გზები. თუ ერთად ვიმუშავებთ, საქართველო პანდემიის შემდგომი გლობალიზაციის კონფიგურაციის ცვლილებით სარგებელს მიიღებს.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს დადებული მსოფლიოს უდიდეს ბაზრებთან – ევროკავშირიდან ჩინეთამდე. მსგავს შეთანხმებაზე მიმდინარეობს მუშაობა ინდოეთთან, აშშ-სთან, სამხრეთ კორეასთან და სხვა ქვეყნებთან. ჩვენი რეგიონი აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს და კომუნიკაციისა და ვაჭრობის ჰაბს წარმოადგენს. საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუნძულია.

პანდემიის მიუხედავად, ქართველი ხალხი მტკიცეა და მიუხედავად გლობალური ეკონომიკური ვარდნისა, საქართველოს ეკონომიკა, რომელსაც ათასობით კრეატიული სტარტაპი აქვს და უამრავი ახალგაზრდა ინოვატორი მეწარმე ჰყავს, კვლავ აღდგება თქვენი მონაწილეობით.

დიასპორის მხრიდან ინვესტიციების განხორციელება ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და რეგიონების ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი და გარკვეულწილად სოლიდარობის მაჩვენებელია.

საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირება პატრიოტიზმის გამოხატულებაა, რაც ამავდროულად ხელს უწყობს მრავალფეროვანი და მზარდი ეკონომიკის განვითარებას. მას შემდეგ, რაც პანდემია მინელდება და მსოფლიო თავის აქტიურ რიტმს დაუბრუნდება, მე განვაგრძობ შეხვედრებს როგორც დიასპორის წევრებთან, ასევე პოტენციურ ინვესტორებთან, დიასპორათა ისეთი წარმომადგენლობებიდან, როგორიც თქვენ ხართ, რათა ხელი შევუწყო თქვენნაირი ინვესტორების ჩართულობას საქართველოს რეგიონულ და ეროვნულ განვითარებაში.
კონფერენციის მონაწილე სააგენტოები დღეს საქართველოში ინვესტირების უპირატესობებსა და სტრატეგიებს წარადგენენ. ჩემი ადმინისტრაცია მათთან ერთად უკვე მუშაობს, რათა მოხდეს პირდაპირი კავშირების გაბმა ე.წ. მილსადენის შექმნა  „ინვესტორი – ეკონომიკამდე“  და ინვესტორები უშუალოდ დაუკავშირდნენ  სტარტაპებს.

კიდევ ერთხელ მივესალმები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ფორუმს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით იმართება. ამგვარი შეკრება პირველია, თუმცა ველი უფრო მეტ ღონისძიებას, არა მხოლოდ ონლაინფორმატში.

ვიმედოვნებ, რომ მსოფლიოს ხელახლა გაიხსნის შემდეგ, მსგავს ფორუმებს ვუმასპინძლებ არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რათა ხელახლა აღმოაჩინოთ საქართველო და მისი უდიდესი პოტენციალი“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმის მონაწილეებს.

დიასპორის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ოთხი თემატური სესია გაიმართა. მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ როგორც ეროვნული, ასევე უცხოური და  საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი პროგრამების შესახებ წარმოების, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინოვაციების მიმართულებით.