ახალქალაქის ცენტრალური პარკის – “ხას ბახჩას” რეაბილიტაცია წლეულს იგეგმება. ამისათვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 315 340 ლარი გამოიყო.
რეაბილიტაციის პროექტის თანახმად, პარკში გარემონტდება გზები, ასფალტის საფარის ნაცვლად მოეწყობა ქვაფებილი, ასევე, გარემონტდება შადრევანი. პარკში დამონტაჟდება ტრენაჟორები და მოეწყობა განათების ახალი სისტემა და სხვა მრავალი, რათა პარკი უფრო მიმზიდველი გახდეს.
ქალაქ ახალქალაქის მერის, იურიკ უნანიანის თქმით, რეაბილიტაციის პროექტი უკვე მზად არის. ახლო მომავალში ტენდერი გამოცხადდება. თუმცა, კონკრეტულად როდის, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად ქალაქის პარკი “ხას ბახჩა” 2015 წელს გარემონტდა. მაშინ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 115 000 ლარი გამოიყო. ახალქალაქის ცენტრალური პარკი 140 წლისაა, პარკი სტეფანოს ანანიკიანმა დააარსა.