ახალქალაქში, მერიის მოპირდაპირე სკვერში გაიმართა დისკუსია პროექტზე „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“, რომლის ფარგლებშიც რიგით მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.
პროექტის მიხედვით, ქალაქ ახალქალაქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და/ან რეალურად მცხოვრებ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუძლია შესთავაზოს იდეა, რომელიც მიმართულია მუნიციპალიტეტის საერთო სიკეთის განვითარებაზე. ინიციატივის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს.
სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში პროექტის კოორდინატორი ოლგა ენდელაძე და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მხარდაჭერის ცენტრის (SCCSF) სამცხე-ჯავახეთის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო რუხაძე მოსახლეობას შეხვდნენ, რათა გაეგოთ რა იდეები აქვთ და აუხსნან ხალხს, იდეა როგორ უნდა გადაიქცეს პროექტად. მათ ასევე შესთავაზეს თავიანთი იდეები.
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ღია იყო, მას ძირითადად მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ, რადგან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო გავრცელებული.
დისკუსიის დროს მერიის თანამშრომლებმა შესთავაზეს ისეთი იდეები, როგორიცაა ამირანის გორის მდინარის სანაპიროს მოწყობა, ქალაქის ცენტრში დიდი ეკრანის დაყენება, ალტერნატიული საბავშვო ცენტრის მოწყობა და მრავალი სხვა. ორგანიზაციის წარმომადგენლების წყალობით, შესაძლებელი გახდა იმის გაგება, არის თუ არა ესა თუ ის იდეა პროექტის ფარგლებში რეალიზებადი, თუ საჭიროებს დამუშავებას. ეკრანის დაყენების იდეა ფავორიტი აღმოჩნდა.
პროექტს “HEKS-EPER Georgia” სამცხე-ჯავახეთის პარტნიორის, ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მხარდაჭერის ცენტრის (SCCSF) მხარდაჭერით ახორციელებს.
სამცხე-ჯავახეთში პროექტი ხორციელდება სამ მუნიციპალიტეტში: ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ახალციხეში.
სამოქალაქო ბიუჯეტის რეალიზაციის მთავარი მიზანია მოსახლეობის ჩართვა ქალაქისა თუ რეგიონის მართვის პროცესებში. ეს საშუალებას აძლევს მოქალაქეებს თავად გადაწყვიტონ, როგორ გამოიყენონ და გაანაწილონ ადგილობრივი ბიუჯეტის ფული.
ჩეული პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.