დღეს, 2 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ პარტია „ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტის მოქმედ დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა, ახალქალაქის საარჩევნო კომისიაში, დამოუკიდებელი კანდიდატობის რეგისტრაციისთვის, დოკუმენტები წარადგინა.

ენზელ მკოიანმა ეს ინფორმაცია JNEWS- თან სატელეფონო საუბარშიც დაადასტურა.

“დიახ, მართალია, მე წარვადგინე კანდიდატური, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ეს პროცესი მიმდინარეობს. საბუთების უმეტესობა წარდგენილი მაქვს, ხვალ კიდევ რამდენიმე სერთიფიკატის წარდგენა მჭირდება და სულ ეს არის. ჩემი კანდიდატურა თავად წარვადგინე, ვიცი, რომ ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, მით უმეტეს, რომ ჩემი ინფორმაციით, საქართველოში დამოუკიდებელი კანდიდატები არ არიან. დღეს ხალხს სურს, რომ მე წარმადგინოს, მეც ხალხის თხოვნით წარვდგები, ასევე მეც მსურს – პარლამენტის წევრი 5-ჯერ ვიყავი და მსურს, რომ 6-ჯერაც ვიყო შერჩეული”, – თქვა პარლამენტში მმართველი პარტიის მხრიდან ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა.

31 ოქტომბერს, საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ენზელ მკოიანის ნაცვლად, მაჟორიტარ კანდიდატად სამველ მანუკიანი წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ენზელ მკოიანი, 1999 წლიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის წევრია.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე -9 ნაწილის თანახმად, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატურის წარდგენა, შესაბამის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული, მისი მომხრეების არანაკლებ 1% -ის ხელმოწერებით დასტურდება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებელი კანდიდატი უკვე პარლამენტის აქტიური წევრი გახლავთ, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მას ხელმოწერები არ ესაჭიროება.