დღეს, 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტი პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლებს.
როგორც საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, ღონისძიების ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის შთამომავალი, 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილი, „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს“ გახსნიან.
პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას, რომელიც პლენარულ სხდომათა დარბაზში გაიმართება, სიტყვით მიმართავენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა.
დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან იოსელიანის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლაც.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დააჯილდოვებენ. კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ფულად ჯილდოს ირაკლი კობახიძე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს გადაურიცხავს.
ამასთან, საკანონმდებლო ორგანოში არანაკლებ 25-წლიანი წარმატებული სამსახურისთვის პარლამენტის აპარატის 13 თანამშრომელს სამკერდე ნიშნით დააჯილდოვებენ.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საპატრიარქოსა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ასევე, ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლები დაესწრებიან.