უსახლკარო ძაღლების პრობლემა ახალქალაქში კვლავ აქტუალურია. მის მოსაგვარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის მერიამ 26 000 ლარი გამოყო. თუმცა, აღნიშნული თანხა ჯერ საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.
ბოლო დროს უსახლკარო ძაღლები ქალაქში ბევრია და ისინი ახალქალაქის მოსახლეობისთვის სახიფათო გახდა. რადგან ძაღლები ძალიან აგრესიულები არიან, ახალქალაქის მოსახლეობას ქუჩაში გასვლის ეშინია, განსაკუთრებით საღამოს საათებში. ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემებით, 2021 წლის დასაწყისიდან დარეგისტრირებულია ძაღლებისგან დაკბენის 6 და კატისგან დაკბენის 1 შემთხვევა.
უსახლკარო ძაღლების დაჭერისა და თავშესაფარში გადასაყვანად ახალქალაქის მერიამ 26 000 ლარი გამოყო. ახალქალაქის მერის, იურიკ უნანიანის თქმით, მას შემდეგ, რაც საკრებულო თანხას დაამტკიცებს, მერია ტენდერს გამოაცხადებს.
ძაღლები უნდა დაიჭირონ საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით და სპეციალური მანქანებით უნდა გადაიყვანონ. დაავადებულ ძაღლებს საჭიროების შემთხვევაში გაუკეთდებათ ევთანაზია (ცხოველის უმტკივნეულოდ მოკვდინება) და დამარხავენ.
აღვნიშნავთ, რომ უსახლკარო ძაღლების დაჭერაზე ტენდერი შარშან, 2020 წელს, ფიზიკურმა პირმა, ოზურგეთის მცხოვრებმა, ლერი ჩხარტიშვილმა 16 881 ლარით მოიგო.
როგორც მერიიდან გვაცნობეს, ისინი შარშანდელი შედეგით კმაყოფილნი არიან და შემსრულებლის მიმართ არავითარი პრეტენზია არ აქვთ.