ჯავახეთის მოსახლეობას, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და სხვადასხვა ქვეყანაში მიდიან  სამუშაოდ, საქართველო – სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან შესაბამისი ნებართვის მიღების შემთხვევაში შეუძლიათ.

ნებართვის მისაღებად მოქალაქეებს რეგისტრაციისათვის განცხადების შეტანა ახალქალაქში პარტია “ქართული ოცნების” რეგიონულ ოფისში შეუძლიათ. ოფისის თანამშრომლები საქართველოს მოქალაქეებს  ქვეყნიდან გასვლის საკითხში ეხმარებიან. აღსანიშნავია, რომ მომსახურება უფასოა.
ნებართვის მისაღებად მათ, ვინც სომხეთში სამკურნალოდ მიდის, ესაჭიროებათ ექიმის ცნობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საზღვარგარეთ მომუშავეებს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი) ესაჭიროებათ. აღვნიშნავთ, რომ საზღვარგარეთ მომუშავეები საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში არ უნდა იმყოფებოდნენ.

მოქალაქეების რეგისტრაცია მიმდინარეობს ეტაპობრივად, პირველ ეტაპზე, პრიორიტეტი შეეხო სტუდენტებს, შემდეგ- საზღვარგარეთ მომუშავე პირებს, მთელი პერიოდის განმავლობაში ასევე იმ პირების რეგისტრაცია მიმდინარეობდა, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ.

JNEWS-ის კითხვაზე, – დაეხმარა, თუ არა მოქალაქეების საპროტესტო აქცია საზღვრების გახსნას, ან ნებართვის მიღების საკითხს, ოფისში თქვეს, რომ მათი თანამშრომლები ამ საკითხზე იანვრიდან მოყოლებული მუშაობდნენ.

მოქალაქეების რეგისტრაცია მიმდინარეობს უფასოდ, ტესტის ჩაბარება შეუძლიათ სურვილისამებრ — ან საქართველოში, ან სომხეთის საზღვარზე.

აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდა-ბავრის სასაზღვრო -გამშვები პუნქტის გადაკვეთა შეუძლიათ, მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ნებართვა ეძლევათ, დანარჩენ მოქალაქეებს მხოლოდ ბაგრატაშენი-სადახლოს სასაზღვრო -გამშვები პუნქტის გავლით.