მიწის ნაკვეთი ოჯახს მიწის რეფორმის დროს, XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში თუ გადაეცა, ადამიანი მიწას იყენებს, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტი არ აქვს, ან დოკუმენტები არასრულყოფილია, მას რამდენიმე პროცედურის გავლის შემთხვევაში, მაინც შეუძლია საკუთარი მიწის რეგისტრაცია. კონკრეტულად რომელი…
იმისათვის, რომ მოქალაქემ მიწის რეფორმის დროს მიღებული მიწები დაარეგისტრიროს, პირველ რიგში, მიწის გაზომვის სამუშაოები უნდა ჩატარდეს, ანუ მიწის ნაკვეთის აეროგადაღება. ამის შემდეგ, მოქალაქემ აეროგადაღების მიღებული მასალით საჯარო რეესტრს მიმართოს. თუკი არსებობს სხვა დოკუმენტები, აეროგადაღებასთან ერთად საჭიროა საჯარო რეესტრში წარდგენა, განცხადების დაწერა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამტკიცება სურს.
სახელმწიფო რეესტრი არქივიდან განმცხადებლის “ოჯახის შემადგენლობის” დოკუმენტს, ოჯახზე ინფორმაციას ითხოვს. შემოსავლების სამსახურში ინფორმაციას ითხოვენ გადასახადებისა და იქ რეგისტრაციის შესახებ. თუ პირს აღნიშნული ნაკვეთი შემოსავლების სამსახურში აქვს დარეგისტრირებული, ესეც არის იმის მტკიცებულება, რომ აღნიშნულ მიწას მოქალაქე იყენებდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საშემოსავლოს არ იხდიდა.
ყველა ამ დოკუმენტს სამოქალაქო რეესტრი გადაამისამართებს მერიაში და იქ, რეგისტრაციის პროცესი დაიწყება. თუკი მერია დარწმუნდება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა განმცხადებლის მიერ, მეზობლებთან საკამათო საკითხები არ არის, მიწა გაცემულია მიწის რეფორმის დროს, და არ არის მითვისებული, მერიაში დოკუმენტების რეგისტრაციის შესწავლისა და განხილვისთვის შექმნილი კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომ აღნიშნული მონაკვეთი ნამდვილად ეკუთვნის ამ ადამიანს. ამის შემდეგ, ქონების რეესტრი, მერიის გადაწყვეტილების საფუძველზე, არეგისტრირებს მიწის ნაკვეთს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მიწის რეფორმის დროს მოქალაქეებს მაქსიმუმ 1 ჰა 25 მეასედი ფართობის მიწები გადაეცათ.
“კანონში წერია, რომ ადამიანს შეუძლია 1 ჰა 25 მეასედიდან 5 ჰა-მდე მიწის რეგისტრირება. ბევრი ამას არასწორად იგებს. ისინი ფიქრობენ, რომ 5 ჰა-მდე მიწის რეგისტრაცია არის შესაძლებელი. მაგრამ ეს ეხება იმ რეგიონებს, სადაც მიწის რეფორმის დროს მოქალაქეებს 5 ჰა-მდე მიწა გადასცეს. მაგალითად, კახეთში იყო ასე. იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ბევრია მიწა, მეტი მიწა გადასცეს. ჩვენს მუნიციპალიტეტში 1 ჰა 25 მეასედზე მეტი მიწა არავისთვის არ იყო გამოყოფილი”, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ხაჩატურ ალექსანიანი.
2016 წლიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა მიწის რეგისტრაციის შესახებ 7000 განცხადება მიიღო, მათგან 5000 ავტორმა საკუთარი მიწის ნაკვეთები უკვე დაარეგისტრირა. 25 საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, ძირითადად მეზობლებს შორის უთანხმოების გამო. 1000-ზე მეტი საქმე განხილვის პროცესშია.
მსგავს თემაზე ასევე წაიკითხეთ:
მიწის რეგისტრაცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები ახალქალაქში