ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი ოპოზიციური პარტია – „ევროპული საქართველო“ და „ლელო“ გაერთიანდა და ფრაქცია – „ევროპული საქართველო-ლელო“ შექმნეს.
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, ნელსონ ალექსანიანის განცხადებით, ფრაქცია უკვე შექმნილია, რჩება საკრებულოს დეპუტატებისთვის ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე გამოცხადება. ფრაქციას აბრაამ კარაპეტიანი, დეპუტატი ზაქარ ზაქარიანი და მდივანი ნელსონ ალექსანიანი ხელმძღვანელობენ.
ფრაქცია “ევროპული საქართველო – ლელოს” შემადგენლობაში პარტია “ევროპული საქართველოს” ორი დეპუტატია: ნელსონ ალექსანიანი, აბრაამ კარაპეტიანი, ასევე “ლელოს” დეპუტატი ზაქარ ზაქარიანი.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დანარჩენი ორი ოპოზიციური დეპუტატი ამ ფრაქციაში ვერ მოხვდა, ვერც ცალკე ფრაქციას შექმნიან, რადგან ფრაქციაში სულ მცირე 3 დეპუტატი უნდა იყოს.
ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, შირვან შირინიანმა არ იცოდა ოპოზიციური ფრაქციის შექმნის შესახებ, მისი თქმით, ეს ამბავი ჩვენგან გაიგო.
”არაფერი ვიცოდი ამის შესახებ”, – თქვა შირვან შირინიანმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ამ ფრაქციაში გაწევრიანება, გვიპასუხა, რომ ამის საჭიროებას ჯერ ვერ ხედავს.