როგორც მთელ საქართველოში, ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში უკანასკნელ წლებში ევროპის მაგალითით ცემენტ-ბეტონის გზების მშენებლობა ვითარდება. ამჟამად მუნიციპალიტეტში სულდა-მიასნიკიანის გზის 2682 მ სიგრძის და 4,5 მ სიგანის ცემენტ-ბეტონის მონაკვეთი არსებობს. ასევე, წლეულს იგეგმება კიდევ 10 კმ ცემენტ-ბეტონის გზის მშენებლობა.

პირველი ბეტონის გზა საქართველოში 2006 წელს აშენდა (ავტომაგისტრალი – Е60), ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2020 წელს ააშენეს გზის მონაკვეთი (სულდა-მიასნიკიანი).

დღესდღეობით ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მხოლოდ ერთი ცემენტ-ბეტონის გზა არსებობს. კიდევ ორ პროექტზე ახალქალაქის მერიამ ხარჯთაღრიცხვის მოსამზადებლად უკვე გამოაცხადა ტენდერი. ეს არის დილისკა-პტენა-ჩუნჩხას გზა, სოფელ დილისკის ბოლოდან დაწყებული სოფელ პტენამდე, 5 მეტრის სიგანის და დაახლოებით 4500 მეტრი სიგრძის. გზის რეაბილიტაციას სოფელ ხავეთიდან დაიწყებენ.

3

სულდა-მიასნიკიანის ცემენტ-ბეტონის გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ზოგი ამბობდა, რომ ახალი გზა ვიწროა და თავისუფლად მოძრაობა შეუძლებელია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიასნიკიანის სოფლის მოსახლეობა კმაყოფილია, მოძრაობას გზის სივიწროვე ხელს არ უშლის.

«ძალიან არ გვიშლის, თუკი ავტომობილი შეგხვდება, შეგიძლია გვერდზე გადახვიდე და გაიარო. გარდა ამისა გზაზე არის სპეციალური ადგილები, (ე.წ. სამგზავრო ჯიბეები) იმისთვის, რომ ერთმანეთს გზა დაუთმონ»,- ამბობს არმენ დურგარიანი.

2

«გზა მართლაც ვიწროა, უკეთესი იქნებოდა განიერი, რომ ყოფილიყო, მაგრამ ესეც გვაწყობს»,- ამბობს არმენ მანუკიანი.

იმის გასაგებად, რა პრივილეგიები აქვს ცემენტ-ბეტონის გზას და რატომ გადაწყვიტეს ახალი გზები ბეტონისგან ააშენონ და არა ჩვეულებრივი ასფალტისგან, Jnews-მა ახალქალაქის მერიას მიმართა. ახალქალაქის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტის რაზმიკ ნახატაკიანის თქმით, ცემენტ-ბეტონის გზა უფრო იაფია, ვიდრე ასფალტი, თან გრძელვადიანია.

1

საერთო სტანდარტებით ცემენტ-ბეტონის გზის უპირატესობა შემდეგია

-სატვირთო მანქანებისთვის 20%-მდე საწვავის ეკონომია და 12%-მდე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაბალი წინააღმდეგობის ხარჯზე;
-ელექტროენერგიის ეკონომია 20%-მდე გვირაბების და გზების განათებისთვის ბეტონის კარგი ამრეკლავი შესაძლებლობის ხარჯზე;
-გზების ექსპლუატაციის და რემონტის დროს სახსრების და მასალების ეკონომია , მომსახურების ციკლის შემცირება;
-გამოყენებული ბეტონის საფარის გადამუშავება და მისი ხელმეორე გამოყენება გზის საძირკველის გამაგრებისათვის ან ახალი გზის ასაშენებლად;
-ცუდი ამინდის პირობების დროს და ღამის საათებში გზაზე გაზრდილი ხილვადობა;
-ბეტონის საფარიდან წყლის უკეთესი გადაყვანა;
-მაღალი გამძლეობა და გრძელვადიანი გზები;
-ტალღოვანი გზის არარსებობა;
-გზების გამტარუნარიანობის გაზრდა;
-ქიმიური საშუალებების მიმართ მაღალი მდგრადობა.

გზების ექსპლუატაციის ვადა შემდეგია: ასფალტის- 5-8 წელი, ცემენტ-ბეტონის- 20-30 წელი.
თუმცა, რამდენად ხანგრძლივი იქნება ახალქალაქის ამინდის პირობებში ცემენტ-ბეტონის გზა, დრო გვიჩვენებს.