ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხასა და პტენაში გაზიფიცირების პროცესი უკვე დასრულებულია, აბონენტებისთვის გაზის განაწილებაზე მუშაობა გრძელდება. ამ სოფლებში პირველ აბონენტებს გაზი სიმბოლურად ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უფლებამოსილმა ბესიკ ამირანაშვილმა ჩაურთეს, აცხადებს სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიის ადმინისტრაციის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი.
ჩუნჩხაში რამაზ მიქელაძის სახლში და პტენაში ავთანდილ შავაძის სახლში გაზის ღუმელების ჩართვა ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს მთავრობის სამხარეო წარმომადგენლობის მონაწილეობით საზეიმოდ განხორციელდა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული გვერდის მიხედვით, ორივე სოფელში ერთად 142 ოჯახი ცხოვრობს.
გვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, რომელსაც ჯერ არ აქვს ბუნებრივი აირი, ეტაპობრივად გაზიფიცირებული იქნება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 64 სოფლიდან 19 არ არის გაზიფიცირებული, სოფლის ქველმოქმედთა და SJGC გაზგამანაწილებელი კომპანიის სახსრებით სოფელ თახჩას გაზიფიცირების პროცესი წელს დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩუნჩხასა და პტენას გაზიფიცირების ცენტრალური გაზსადენი სახელმწიფო პროგრამით 2019-2020 წლებში დამონტაჟდა, თუმცა მაშინ ბუნებრივმა აირმა აბონენტებებამდე ვერ მიაღწია, მაგისტრალური გაზსადენი უკვე გამოსული იყო მწყობრიდან.
სამწლიანი სტაგნაციისა და გაურკვევლობის შემდეგ, კომპანია “SOCAR”-მა წელს სოფელ ჩუნჩხასა და პტენას აბონენტებისთვის ცენტრალური მილსადენიდან ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყო. ამ სოფლებს კომპანია „SOCAR“-ი ემსახურება, ამასობაში ჯავახეთში კი ამ ტერიტორიაზე მუშაობს სხვა კომპანია – SJGC. ამ სოფლების მცხოვრებლებს განცხადების შესატანად ან გაზგამანაწილებელი კომპანიისგან სხვა სერვისების მისაღებად ახალციხეში ჩასვლა მოუწევთ.