სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V-ი დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია რუსეთის „პირდაპირ საინვესტიციო ფონდზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვაქცინა სომხეთში დამატებითი ექსპერიმენტების ჩატარების გარეშე დამკტიცდა.
”რუსეთის პარტნიორების რიცხვი, რომლებმაც Sputnik V-ის გამოყენების ნებართვა დაამტკიცეს, მუდმივად იზრდება დსთ-ის წევრ ქვეყნებს შორის. დღეს ვაკეთებთ განცხადებას Sputnik V- ის სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცების შესახებ, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით,“- განაცხადა რუსეთის „პირდაპირი საინვესტიციო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კირილ დმიტრიევმა.
ცნობისათვის, ამ დროისთვის, სომხეთის გარდა, Sputnik V-ი რეგისტრირებულია რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, ბოლივიაში, სერბეთში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში, თურქმენეთში, უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ირანში, გვინეას რესპუბლიკასა და ტუნისში.