ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა ორგანოს მიერ გაწეული სამუშაო განიხილეს. ასევე, იმსჯელეს იმ საკითხებზე, რომლებიც რაიონის მოსახლეობას აწუხებს. დღეს განიხილებოდა სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები, საბავშვო ბაღების გაერთიანების და “ახალქალაქის სერვისცენტრის” მუშაობა.
სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის პროცედურის შეფერხების და წარმოქმნილი პრობლემების შესახებ, კადრების უკმარისობის პრობლემებზე და იმ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტის უფლებამოსილებაც მუნიციპალიტეტს არ აქვს, მერიის ქონებისა და დაგეგმარების განყოფილების სპეციალისტმა, ავაგ არევიანმა და მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ხაჩატურ ალექსანიანმა ისაუბრეს.
ავაგ არევიანის თქმით, ზოგიერთი მიწის ნაკვეთი, რომელსაც სოფლის მოსახლეობა ამუშავებს, მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, თუმცა რეესტრში დარეგისტრირებულია, როგორც სახელმწიფო საკუთრება.
ხაჩატურ ალექსანიანმა ისაუბრა კომისიის მუშაობის პრინციპზე, რომელიც შექმნილია მერიის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციისთვის. საუბრობდა რეგისტრაციის პროცედურების შეფერხების პრობლემებზე და მიზეზებზე. მან შესთავაზა საქმეში ჩართონ სოფლების უფლებამოსილი პირები. მისივე თქმით, სხვა პრობლემებს ისიც ემატება, რომ ყველა დოკუმენტის გაფორმებას და შემოწმებას დიდი დროს სჭირდება.
რეგისტრაციის პროცედურის შეფერხების მიზეზებზე მერიის წარმომადგენელთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა მათ ურჩია, სამინისტროს წერილობით მიმართონ და არა ტელეფონით.
“თუკი არის საკითხები, რომელთა მოგვარების უფლებამოსილება არ გაქვთ, მიმართეთ სამინისტროს, მაგრამ არა ტელეფონით, არამედ წერილობით. ჩვენ მერიას ვთხოვთ შეძლებისდაგვარად ამ პროცესში ბევრი ხალხი ჩართონ და სოფლის უფლებამოსილი პირების უფლებამოსილება გაზარდონ”, – თქვა ნაირი ირიციანმა.
საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ანაიდა ასატურიანმა აღნიშნა, რომ იმის გამო, რომ წლეულს დაფინანსება შეამცირეს, დღემდე ვერ აცხადებს ტენდერს საბავშვო ბაღების კვებაზე.
“თანხა შეამცირეს და დამატებით 4 საბავშვო ბაღი გახსნეს. დღემდე ვერ ვაცხადებ საკვებზე ტენდერს. 2018 წლის მენიუ ვნახე და აუდიტს განსახილველად გადავეცი, რომ გამეგო შემიძლია, თუ არა მსგავსი ტენდერის გამოცხადება. თქვენ თვითონ იცით, რომ ყველაფერი გაძვირდა, მაგრამ თანხა შეამცირეს. რამდენადაც შემეძლო შევამცირე, მაგრამ თანხას ვერანაირად ვერ გავზრდი”, – განაცხადა ანაიდა ასატურიანმა.
განიხილეს, ასევე, საბავშვო ბაღების აღმზრდელების გადამზადების საკითხი.
ამის შემდეგ, საკუთარი სამსახურის მიერ გაწეულ სამუშაოზე სერვისცენტრის დირექტორმა, არმენ ბიჩახჩიანმა ისაუბრა. მისი თქმით, არ არის საკმარისი რაოდენობის ნაგვის მანქანები და სხვა ტექნიკა, ხოლო არსებული მანქანები უკვე ძველია და ხშირად გამოდის მწყობრიდან. მან ასევე თქვა, რომ მათი შემოსავალი წლეულს შემცირდა, რადგან არ მუშაობდნენ რესტორნები, საბანკეტო დარბაზები, გარდა ამისა, ისინი მოსახლეობისგან დასუფთავების თანხას არ აგროვებდნენ.
განიხილეს ზოგიერთი მოქალაქის ვანდალური საქციელი, რომლებიც ყველაფერს აფუჭებენ, ამტვრევენ და იპარავენ. როგორც არმენ ბიჩახჩიანი ამბობს, მას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია იმისთვის, რომ ასეთი ადამიანები დასაჯოს.
“შეხვედრა მოსახლეობის დასახმარებლად დაინიშნა, თუკი საჭიროა ვინმესთვის მიმართვა, მზად ვართ. ჩვენ ვხედავთ თქვენს მუშაობას, მაგრამ გვინდა, რომ გაუმჯობესდეს. დღეს ჩვენ უკეთესი მუშაობისათვის გადაწყვეტილების და გზების მოძიება გვინდა”, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა.