ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკას მოსახლეობა უკმაყოფილოა, იმით, რომ მრავალრიცხოვანი საჩივრების მიუხედავად დღემდე, მათი არცერთი პრობლემა არ მოგვარებულა. სოფელში ბევრი პრობლემაა, თუმცა სოფლის მოსახლეობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი – ბუნებრივი აირისა და მიწის არარსებობაა.
სოფელი გორელოვკა ზღვის დონიდან 2065 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 21-ე საუკუნეში სოფლის მოსახლეობას დღემდე არ აქვს ბუნებრივი აირი. აქ, ღუმელს, ჯერ კიდევ მშრალი სასუქით ანთებენ. სოფელში დაახლოებით 350 ოჯახი ცხოვრობს. სომხები, ქართველები და რუსები აქ, ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ.
სოფლის მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობაა. წელს მათ პრობლემები დაემატათ, რადგან ბევრმა ვერ მოახერხა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა.
სოფელ გორელოვკის მოსახლეობის თქმით, მათ საკუთარი სახლების გაზიფიცირება სურთ, თუმცა უკვე დაიღალნენ განცხადების წერით. გონჩარიძე ისევე, როგორც სოფლის მოსახლეობის უმეტესობა, ამბობს, რომ სოფელში ბევრი პრობლემაა, მაგრამ ყველაზე მთავარი – ბუნებრივი აირის არარსებობაა.
როგორც არკადი ოვსეფიანი ამბობს, შარშან, მთელმა სოფელმა ფული შეადგროვა, რომ დაახლოებით 10 კმ-ის სიგრძის ბუნებრივი აირის მილი გაეყვანათ, მაგრამ შემდეგ, გაურკვეველი მიზეზების გამო, თანხა უკან დააბრუნეს, უთხრეს, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია სოფლის გაზიფიცირება.
«ყოველ წელს გვპირდებიან, რომ წლეულს აუცილებლად იქნება, მაგრამ როგორც ხედავთ, ბუნებრივი აირი დღემდე არ არის. ვნახოთ მერე რა იქნება»,- ამბობს ის.
არკადის თქმით, ბუნებრივი აირის გარდა სოფელში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მიწის ნაკვეთების არარსებობაა. მისი თქმით, ზოგს 150-200 ჰექტარი მიწა აქვს, ზოგს კი, 1-2 ჰა, ან ნაკლები.
«სოფელი სოფლის მეურნეობით ცხოვრობს, რა გააკეთოს სოფლის მოსახლეობამ, ვისაც საკმარისი მიწაც არ აქვს, რომ მარცვლეული, ან სხვა რამ მოიყვანოს»,- ამბობს სოფლის მცხოვრები, ავთანდილ ნაკაიძე.
სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლება ამ პრობლემის შესახებ ინფორმირებულია და კიდევ ერთხელ მიმართვას აზრი არ აქვს. მოსახლეობას სურს, რომ ხელისუფლებამ მათ ყურადღება მიაქციოს, ზოგჯერ მაინც.