ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ იმ სამ ახალ საბავშვო ბაღში, რომელიც 1-ლი მარტიდან გაიხსნება, ვაკანსია გამოაცხადა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2021 წელს ახალი საბავშვო ბაღები იხსნება, კერძოდ, სოფლებში: ხულგუმოში, სულდასა და კოჩიოში.
ვაკანსია ცხადდება შემდეგ პოზიციებზე: მენეჯერი, აღმზრდელი, აღმზრდელის დამხმარე (ძიძა), მედდა, ქართული ენის პედაგოგი, მზარეული, დარაჯი, დამლაგებელი.
განცხადებები 8 თებერვლამდე მიიღება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ანაიდა ასატურიანის თქმით, შესაძლოა კონკურსი გასაუბრების გარეშე ჩატარდეს, წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.
“დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ თუკი ბევრი განცხადება იქნება, გასაუბრებას, ალბათ, არ ჩავატარებთ. სოფელ ხულგუმოში ჩემამდე იყო კონკურსი, მაგრამ შედეგების შესახებ არაფერი ვიცი, მაშინ არავინ მიიღეს, უბრალოდ გასაუბრება იყო. ახლა იქაც თავიდან გამოაცხადეს კონკურსი. იმ ხალხს, ვინც მაშინ მონაწილეობდა, შეუძლია ხელახლა მოგვმართოს განცხადებით”, – განაცხადა ანაიდა ასატურიანმა.
დირექტორის თქმით, უპირატესობას მიანიჭებენ უმაღლესი განათლების მქონე პირებს. თუკი შესაბამისი განათლება არ ექნებათ, გაითვალისწინებენ კომუნიკაბელურობის უნარს, ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილებას და პირის სოციალურ მდგომარეობას.