კომპანია “მარაბდა-კარწახი რკინიგზაში” აცხადებენ, რომ ნინოწმინდა-ოროჯალარის გზაზე რელსების გადასასვლელზე მატარებლის და მანქანის შეჯახებაში დამნაშავე ავტომობილის დაზარალებული მძღოლია.
19 იანვარს, ნინოწმინდა-ოროჯალარის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, როცა ერთმანეთს მატარებელი და სოფელ სათხადან მომავალი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, ავტომობილში მყოფი ცოლ-ქმარი დაზარალდა. ორივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მომხდარზე კომენტარი გააკეთეს:
“ყველაფერი მანქანის მძღოლის მიერ ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო მოხდა, რადგან იქ გადასვლა არ შეიძლება, სადაც მანქანებს ჩვენი ხაზის გადაკვეთა შეუძლია, იქ შლაგბაუმები დგას. დამნაშავეა მძღოლი, უკვე გამოძიება დაიწყო, ყველაფერი გაირკვევა”, – განაცხადეს შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ნინოწმინდა-ოროჯალარის გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, მსუბუქი ავტომობილი მატარებელს შეეჯახა.
მანქანაში იმყოფებოდა ცოლი და ქმარი, ორივე ნინოწმინდის სოფელ სათხას მცხოვრები. ორივეს რთული მდგომარეობა აქვს, მამაკაცი გადაიყვანეს თბილისში, ხოლო ქალს ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში უკეთებენ ოპერაციას.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით, რაც “რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას” გულისხმობს.