ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდას საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დღეებში დასრულდება. დარჩენილია მხოლოდ  საქვაბე ღუმელის დამონტაჟება. სულდაში უკვე ორი წელია ამ მომენტს ელოდნენ, თუმცა მთელ საქართველოში საბავშვო ბაღები კორონავირუსის ეპიდემიის გამო 2021 წლის 1-ელ თებერვლამდე არ გაიხსნება.

კომპანია “გარიკ-111”-ის წარმომადგენლის თქმით, რომელიც შენობაში სამუშაოებს ახორციელებდა, სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია, მხოლოდ საქვაბე ღუმელის დამოტაჟებაა დარჩენილი.

მისი თქმით, სამუშაოები 2-3 დღის შემდეგ დასრულდება. სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო.

წლეულს საკრებულომ 19 675 ლარი გამოყო იმისთვის, რომ სოფელ სულდას საბავშვო ბაღის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდებულიყო. სოფელ სულდას და კოჩიოს საბავშვო ბაღების რემონტზე ტენდერი 15 სექტემბერს გამოცხადდა 29 805 ლარით, 24 988 ლარით კომპანია “გარიკ-111”-მა მოიგო.

ჯერ კიდევ 2018 სოფელ სულდაში საბავშვო ბაღისთვის შენობა აშენდა, თუმცა ბაღში წყლისა და გათბობის არარსებობის გამო, არ გახსნეს. 2019 წლის შემოდგომაზე შენობაში წყლის პრობლემისა და საქვაბე ღუმელის შესაძენად 12 500 ლარი გამოიყო. თუმცა, როგორც სოფელ სულდაში მერის წარმომადგენელი, ზარზანდ კუჯოიანი აცხადებს, გასულ 2019 წელს ბაღში არავითარი სამუშაო არ ჩატარებულა.

როგორც ამას წინათ, მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანმა გვაცნობა, გასულ 2019 წელს ამ სამუშაოებს გამოყოფილი თანხა არ ეყო, რის გამოც, რემონტი დაქმულ ვადებში ვერ დაიწყეს.