ქალაქ ახალქალაქის ბიბლიოთეკის შენობა სტანდარტებს არ შეესაბამება. გათბობა გაყვანილია, თუმცა ბიბლიოთეკა შეშით თბება, ისიც მხოლოდ ბიბლიოთეკარის ოთახი. ყველა წიგნს არ აქვს ადგილი. ამასთანავე ბიბლიოთეკა კორონავირუსის ეპიდემიის გამო შეზღუდულ რეჟიმში მუშაობს.
ახალქალაქის ბიბლიოთეკის შენობა იმ ნორმებს არ აკმაყოფილებს, სადაც წიგნების შენახვა დასაშვებია. ორ ოთახში სახურავიდან წვიმის წყალი ჩამოდის, ფანჯრები ახალია, თუმცა არ იღება, კარი ძველია და ცუდ მდგომარეობაშია, გარე კარი რთულად იღება და იკეტება. შენობის შიგნით ბიბლიოთეკა საბჭოთა დროიდან მოყოლებული არ შეცვლილა. შენობაში შესვლისას გექმნება შთაბეჭდილება, თითქოს საბჭოთა პერიოდში აღმოჩნდი.
კულტურის სახლის მცირე საკონცერტო დარბაზი წიგნების სათავსოდ გამოიყენება, ძველ თაროებზე ძველი წიგნებია, ახალი წიგნები ბიბლიოთეკას დიდი ხანია არ მიუღია. ოთახის კუთხეში წიგნების გროვაა. როგორც ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი, თეკლე ვახტანგიშვილი განმარტავს, ამ წიგნებისთვის ადგილი არ აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ შენობაში ცენტრალური გათბობაა გაყვანილი, მაინც არ თბება.
თეკლე ვახტანგიშვილის თქმით, ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ თქვა, რომ გათბობა დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, რომელსაც ისინი ვერ გადაიხდიან.
“მითხრეს, განცხადება დავწერო, გამოვყოფთ თანხას, შეშა იყიდეთო”, – ამბობს თეკლე ვახტანგიშვილი.
ამჟამად ბიბლიოთეკა “მკაცრი აუცილებლობის” პრინციპით მუშაობს. ბიბლიოთეკის კარზე თანამშრომლების ტელეფონის ნომრები წერია და საჭიროების შემთხვევაში მკითხველებს შეუძლიათ დარეკონ და წიგნი სთხოვონ. იმ შემთხვევაში, თუ წიგნი არის, ბიბლიოთეკარები მოვლენ და წიგნს გადასცემენ. ბიბლიოთეკის თანამშრომლები სამსახურში არ დადიან.
მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, როდესაც ბიბლიოთეკა დისტანციურ რეჟიმში მუშაობს, შენობის გათბობის აუცილებლობა არ არის. ხოლო, როდესაც ბიბლიოთეკის მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში განაახლებს, გათბობით უზრუნველყოფილი იქნება.
თეკლე ვახტანგიშვილის თქმით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დაგეგმარების განყოფილების წარმომადგენლები მივიდნენ, მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ, დაათვალიერეს და წავიდნენ.
ბიბლიოთეკის შენობის გარემონტებასთან დაკავშირებით არმენ მარანგოზიანი ამბობს, რომ რემონტისთვის საჭირო სახსრები 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არ არის, თუმცა ეს სახსრები მოიძებნება, როდესაც ბიუჯეტში ცვლილებები შევა და რემონტიც გაკეთდება.