ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში არსებული 17 402 აბონენტიდან, 10 062 აბონენტმა ნოემბრის თვეში 200 კუბამეტრზე ნაკლები ბუნებრივი აირი მოიხმარა, რის შედეგადაც მათ გადასახადს ხელისუფლება კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში დაფარავს.
SJGC ჯავახეთის გაზგამანაწილებელი კომპანიის ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერში ჯავახეთში სუბსიდიები 10 062 აბონენტს შეეხო, რომელთაგან 6232- ახალქალაქის, ხოლო 3830- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება. ამ აბონენტებმა საერთო ჯამში 1 047 414 კუბამეტრი ბუნებრივი აირი მოიხმარეს.
ჯავახეთში მთლიანად (ახალქალაქი და ნინოწმინდა) ბუნებრივი აირით 17 402 აბონენტი სარგებლობს. პროცენტული თანაფარდობით სუბსიდიები ჯავახეთის აბონენტების 57,82%-ს შეეხო.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში რთული ეკონომიკური ვითარების გამო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებს კომუნალური გადასახადების სუბსიდირება კიდევ ოთხი თვით გაუხანგრძლივოს. ბუნებრივი აირის გადასახადის სუბსიდირება შეეხება იმ ადამიანებს (გაზგამანაწილებელი კომპანიების აბონენტებს), რომლებიც 200 კუბამეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ.
ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (GNERC) კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით კომუნალური გადასახადების გადახდის ელექტრონული ქვითრების გამოყენების აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური გადასახადების ელექტრონული ქვითრები შესაბამის კომუნალურ კომპანიაში დარეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერზე, მოკლე შეტყობინებით უნდა მიეღოთ. თუმცა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აბონენტები ბუნებრივი აირის გადასახადის ქვითრებს ძველებურად- ქაღალდის ქვითრებით მიიღებენ.