ამ დროისთვის ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან საქართველოში შესვლას 800-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი ელოდება. ამის შესახებ რეგისტრაციის რუსული ელექტრონული სისტემის ვებგვერდზე წერია.
კერძოდ, თბილისის დროით 12:00 საათისთვის რიგში სულ 803 ავტომობილი იდგა. აქედან 593 რიგში, ხოლო 210 ავტომობილი ე.წ. მწვანე ზონაშია პარკირებული და შემდგომ გავლას ელოდება.
აღსანიშნავია, რომ დილის საათებში მათი რაოდენობა 1000 ერთეულს აჭარბებდა. კერძოდ, თბილისის დროით დილის 08:00 საათისთვის ელექტრონულ რიგში 623, ხოლო “მწვანე ზონაში” 462 ავტომობილი იყო გაჩერებული.
ერთი კვირის წინ ზემო ლარსზე რუსეთის მხრიდან საქართველოს საზღვრის გადასაკვეთად თავის რიგს, თითქმის, სამჯერ ნაკლები, კერძოდ, 340 ავტომობილი ელოდებოდა.
ცნობისთვის: თუ ავტომობილი „ყვითელ ზონაში“ იმყოფება, გაემართეთ გაჩერების ზონისკენ, ანუ არხონსკოეს გზატკეცილზე მდებარე პარკინგზე უნდა გაემართოს, ხოლო თუ „მწვანე ზონაში“ გადასვლის შემდეგ გაჩერების ზონა უნდა დატოვოს და საზღვრის გადასაკვეთად გზა საკონტროლო პუნქტისკენ გააგრძელოს.
ამასთან, სისტემის ვებგვერდზე წერია, რომ ელექტრონული რიგის თვალყურის დევნების გასამარტივებლად სპეციალური მობილური აპლიკაცია, Queue („რიგი“) არის შექმნილი. ის მძღოლს საშუალებას აძლევს, ავტომობილის მონაცემები წინასწარ შეინახოს, მის სტატუსს თვალყური ადევნოს და მისი ცვლილების შესახებ შეტყობინებები მიიღოს.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლიდან საქართველოსთან არსებულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გამტარუნარიანობა 2-ჯერ, ჩინეთთან 4.7-ჯერ, მონღოლეთთან 2.4-ჯერ, ყაზახეთთან 1.1-ჯერ, ხოლო აზერბაიჯანთან ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ფარგლებში ხუთჯერ გაიზარდა.
სამინისტროს ცნობით, ამჟამად რუსეთში 313 სასაზღვრო გამშვები პუნქტია.