მართვის მოწმობის მისაღებად შესაძლოა სავალდებულო გახდეს მძღოლთა სასწავლო დაწესებულებაში სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. აღნიშნული გათვალისწინებულია მთავრობის მიერ დამტკიცებულ „საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში 2026-2030 წლებისთვის“ და „2026-2027 წლების სამოქმედო გეგმაში“.
კერძოდ, გეგმის თანახმად, ასეთი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო გახდება არა მხოლოდ არასრულწლოვანი კანდიდატებისთვის, არამედ ზოგ შემთხვევაში 18 წელზე უფროსი პირებისთვისაც.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გეგმის მიხედვით, მთავრობა გეგმავს ქვეყანაში მძღოლთა მომზადების დაწესებულებებისა და ინსტრუქტორების სერტიფიცირების მოთხოვნების განსაზღვრასა და დანერგვას.
„ამ ეტაპზე მძღოლთა მომზადების დაწესებულებების საქმიანობის საკანონმდებლო რეგულირება არ ითვალისწინებს ამ დაწესებულებებისთვის სავალდებულო სტატუსის მინიჭებას, ასევე ინსტრუქტორების კვალიფიკაციისა და სხვა მნიშვნელოვან პირობებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საავტომობილო და/ან საერთაშორისო გადაზიდვებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვით დაკავებული პირების პირველადი კვალიფიკაციისა და პერიოდული გადამზადების ცენტრების დებულების ანალოგიურად, განისაზღვრება მძღოლთა მომზადების დაწესებულებებისთვის სავალდებულო სტატუსის მინიჭებისა და ინსტრუქტორების სერტიფიცირების მოთხოვნები, ინფრასტრუქტურული, კვალიფიკაციური და ორგანიზაციული კრიტერიუმების ჩათვლით“, — ნათქვამია მთავრობის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში.
რა შეეხება მძღოლთა სასწავლო დაწესებულებაში სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, საგზაო უსაფრთხოების გეგმის მიხედვით, ეს მოთხოვნა სავალდებულო გახდება არა მხოლოდ არასრულწლოვანი კანდიდატებისთვის, არამედ 18 წელზე უფროსი იმ პირებისთვისაც, რომლებსაც B, B1 და A1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მიღება სურთ.
როგორც ცნობილია, B კატეგორიას მიეკუთვნება მსუბუქი ავტომობილები, B1 კატეგორიას — მოტორიზებული სამთვლიანი და ოთხთვლიანი სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო A1 კატეგორიას — მსუბუქი მოტოციკლები (მოტოციკლი ძრავის მუშა მოცულობით არაუმეტეს 125 კუბური სანტიმეტრისა და მაქსიმალური სიმძლავრით 11 კვტ).
ნასვამი მძღოლები ავტომობილის მართვას ვეღარ შეძლებენ — მთავრობა ავტომობილებში „ალკოჰოლის შემზღუდავი მოწყობილობების“ დანერგვაზე მუშაობს.