დღეს, 25 აგვისტოს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები სკოლებს ეწვივნენ, მომავალ პირველკლასელებს შეხვდნენ და გოჩა ტყეშელაშვილის წიგნ-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ გადასცეს.
გამოცემა განკუთვნილია ბავშვების მიერ ქართული ანბანის დამოუკიდებლად შესასწავლად და მომავალ პირველკლასელებს თამაშ-თამაშ, შემეცნებით ფორმაში ეხმარება ქართული ენის ასოების ათვისებაში.
მანამდე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის სამსახურმა წიგნების შესასყიდად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 550 ლარი მოითხოვა. საკრებულომ საჭირო თანხის გამოყოფა დაამტკიცა.
ახალქალაქის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წიგნები 582 პირველკლასელისთვის შეიძინეს, რომლებიც სწავლას წელს იწყებენ. შესაბამისად, ერთი წიგნ-რვეულის ღირებულებამ 25 ლარი შეადგინა.
ინიციატივის მიზანია, სასწავლო წლის დაწყებამდე მომავალ პირველკლასელებს მიეცეთ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად გაეცნონ ქართულ ანბანს და მოემზადონ სკოლაში სწავლისთვის.
აღსანიშნავია, რომ წიგნი „პირველკლასელთა აკადემია“ მანამდე საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც დარიგდა. etaloni.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თელავის მუნიციპალიტეტში 2022 წელს იგი სკოლამდელ დაწესებულებებში 800-ზე მეტმა პირველკლასელმა უფასოდ მიიღო. დმანისის მუნიციპალიტეტში კი წიგნი ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე გამოიცა, რასაც ბავშვებისთვის ქართული ენის ათვისება უნდა გაეადვილებინა, და მომავალ პირველკლასელებს ზაფხულის არდადეგების წინ უფასოდ დაურიგდათ.