უნივერსიტეტებში ფაკულტეტების შემცირების გამო სტუდენტები არჩევანის წინაშე დგებიან

უნივერსიტეტებში ფაკულტეტების შემცირების გამო სტუდენტები არჩევანის წინაშე დგებიან

განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სხვადასხვა უნივერსიტეტში რამდენიმე ფაკულტეტი არსებობას შეწყვეტს. ცვლილებები შეშფოთებას იწვევს იმ სტუდენტებშიც, რომლებმაც მოსამზადებელი პროგრამით სწავლა უკვე დაიწყეს და ამ სპეციალობებზე სწავლის გაგრძელებას გეგმავდნენ. მათი თქმით, ფაკულტეტების შემცირების შესახებ ინფორმაცია უფრო ადრე უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი, რათა აბიტურიენტებსა და სტუდენტებს თავიანთი საგანმანათლებლო გზა დროულად დაეგეგმათ.

გოარ ქურდოღლიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. მოსამზადებელი კურსის პირველი სემესტრის ბოლოს მან უკვე გადაწყვიტა, რომ მომავალში ფსიქოლოგიის მიმართულებას აირჩევდა. თუმცა, მეორე სემესტრის დასაწყისში, განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, შეიტყო, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მიმართულება აღარ იმოქმედებდა.

თავდაპირველად გოარი ფიქრობდა, რომ ცვლილებები მხოლოდ იმ აბიტურიენტებს შეეხებოდა, რომლებიც უნივერსიტეტში ამ ცვლილებების შემდეგ ჩაირიცხებოდნენ. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სიახლე მათზეც ვრცელდება, ვინც უკვე სწავლობს.

«თავიდან, როდესაც კონკრეტულად არაფერი ითქმოდა, ვფიქრობდი, რომ ეს შეიძლება ჩვენ არ შეგვხებოდა და იმ სტუდენტებს შეეხებოდა, რომლებიც ჩვენ შემდეგ ჩაირიცხებოდნენ. მაგრამ მოგვიანებით ნათელი გახდა, რომ ეს ჩვენც ეხება და ალტერნატივების ძიება მომიწია», — ჰყვება გოარი.

მას არ სურს სხვა უნივერსიტეტში გადასვლა და მიაჩნია, რომ ასეთი ცვლილებების შესახებ სტუდენტებისთვის სასწავლო წლის დასაწყისშივე უნდა ეცნობებინათ. მისი თქმით, ამ შემთხვევაში თავად სტუდენტი შეძლებდა წინასწარ გადაეწყვეტა, რომელ უნივერსიტეტში და რომელ სპეციალობაზე სურდა სწავლის გაგრძელება.

გოარისთვის პრობლემა მხოლოდ სპეციალობის არჩევაში არ მდგომარეობს. მას უკვე ჰქონდა გარკვეული წარმოდგენა თავის მომავალ განათლებაზე და ცვლილებების შესახებ გვიან შეტყობინების გამო, ამ გეგმების გადახედვა მოუწია.

ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა ველახან აბაჯიანიც. სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსამზადებელი კურსის დასრულების შემდეგ, მას სწავლის გაგრძელება სამედიცინო ფაკულტეტზე სურდა, რომელიც ასევე დაიხურება თსუ-ში განხორციელებული ცვლილებების შედეგად.

«ჩემი აზრით, ასეთი ცვლილებები ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებამდე უნდა დაენერგათ, რათა აბიტურიენტს შეძლებოდა დაეგეგმა და გადაეწყვიტა, სად სურდა ჩაბარება. მაგალითად, მე სწავლის გაგრძელება მხოლოდ სამედიცინო სფეროში მინდა და რომ მცოდნოდა დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, საბუთებს თავიდანვე სამედიცინო უნივერსიტეტში შევიტანდი და თსუ-ში წელს არ დავკარგავდი», — ამბობს ველახანი.

სტუდენტების ისტორიები აჩვენებს, რომ მათთვის საგანმანათლებლო პროგრამების ცვლილება მხოლოდ უნივერსიტეტის შიდა სტრუქტურის შეცვლას არ ნიშნავს. მას შეუძლია პირდაპირი გავლენა იქონიოს უკვე არჩეულ საგანმანათლებლო სფეროზე, უნივერსიტეტის არჩევანსა და სტუდენტის მიერ დახარჯულ დროზეც კი.

განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც სტუდენტი სპეციალობას იმ მომენტში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირჩევს, მოგვიანებით კი ირკვევა, რომ ამ სპეციალობით სწავლის გაგრძელება იმავე უნივერსიტეტში უკვე შეუძლებელია.

სტუდენტების აზრით, განათლების სისტემაში ცვლილებები აუცილებელია, თუმცა მნიშვნელოვანია მათ შესახებ დროული და მკაფიო ინფორმაციის არსებობა, რათა აბიტურიენტებსაც და უკვე მოქმედ სტუდენტებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაგეგმონ თავიანთი საგანმანათლებლო მომავალი. ისინი ელიან, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას სტუდენტების ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული.

თეგები: განათლება
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე