თბილისში პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომლებსაც ბრალი ედებათ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ერთ-ერთი ბანკის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო ჩარევაში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ჯგუფურად მოქმედებდნენ და წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული უკანონო ფინანსური სარგებლის მიღების გეგმა. ჩადენილი ქმედების შედეგად, მათ ბანკს 374 715 ლარის (დაახლოებით 144 ათასი აშშ დოლარის) ზიანი მიაყენეს.
შსს-ს არ დაუკონკრეტებია ბანკის დასახელება და ის, თუ კონკრეტულად რა მეთოდით მოიპოვეს ეჭვმიტანილებმა წვდომა მის სისტემაზე.
ორივე პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286¹ მუხლით მიმდინარეობს, რაც ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ჯგუფურად უნებართვო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
News Georgia