1,1 მილიონზე მეტ მძღოლს მაქსიმალური 100 ქულა აქვს: სამცხე-ჯავახეთი მე-8 ადგილზეა

1,1 მილიონზე მეტ მძღოლს მაქსიმალური 100 ქულა აქვს: სამცხე-ჯავახეთი მე-8 ადგილზეა

შინაგანი საქმეთა სამინისტროს 2026 წლის ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ იანვარ-მარტის პერიოდს მოიცავს, მართვის მოწმობიდან ჯარიმის ქულები 165 091 ადამიანს ჩამოაკლდა, საიდანაც ქულები სრულად მხოლოდ 31 პირს ამოეწურა. ამავე მონაცემებით, 1 132 653-მა მძღოლმა დარიცხული 100-ვე ჯარიმის ქულის შენარჩუნება შეძლო.

გამოცემა „BusinessPressNews“-ს მოყავს იმ მძღოლების რაოდენობა რეგიონების მიხედვით, რომლებმაც მართვის მოწმობაზე 100-ვე ჯარიმის ქულის შენარჩუნება შეძლეს (მონაცემები მოიცავს 2026 წლის პირველ კვარტალს):

თბილისი – 379 320 მძღოლი

იმერეთი – 169 019 მძღოლი

ქვემო ქართლი – 116 454 მძღოლი

აჭარა – 100 340 მძღოლი

კახეთი – 93 832 მძღოლი

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 86 451 მძღოლი

შიდა ქართლი – 77 601 მძღოლი

სამცხე-ჯავახეთი – 38 131 მძღოლი

გურია – 30 022 მძღოლი

მცხეთა-მთიანეთი – 28 554 მძღოლი

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9 269 მძღოლი

აფხაზეთი – 3 660 მძღოლი

ცნობისთვის, საქართველოში ყოველი წლის 1 იანვარს მართვის მოწმობას 100 ქულა ენიჭება. მძღოლს ქულების გარკვეული რაოდენობა პოლიციის მიერ დაფიქსირებული სხვადასხვა დარღვევისთვის აკლდება. მაგალითად, ქულები აკლდება სიჩქარის გადაჭარბების, წინა სავარძელზე მყოფი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის შეუკვრელობის, საჭესთან მობილურ ტელეფონზე ლაპარაკისა და სხვა დარღვევებისთვის.

ქულების განულების შემთხვევაში, მძღოლი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას კარგავს. მართვის უფლების აღსადგენად აუცილებელია თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ხელახლა ჩაბარება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების 2026-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომელთა ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გზებზე სიჩქარის შემცირებაა. სტრატეგიის ერთ-ერთი პუნქტის შესაბამისად, მთავრობა გეგმავს შემოიღოს სისტემა, რომლითაც მძღოლებს მართვის მოწმობიდან ქულები ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბებისთვისაც ჩამოაკლდებათ.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე