ახალქალაქში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ახალი არ არის. ქალაქის სხვადასხვა უბანში, მათ შორის „გოროდოკში“, მცხოვრებლები ხშირად აწყდებიან ქუჩებში მოხეტიალე ძაღლების ხროვებს. Jnews-მა ამ პრობლემას არაერთხელ გამოეხმაურა და მკითხველს წარუდგინა როგორც მოსახლეობის შეშფოთება, ისე ადამიანებზე ძაღლების თავდასხმის კონკრეტული შემთხვევები.

მიუსაფარი ძაღლების აგრესიული ქცევის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა შიმშილიც იყოს. მშიერი ცხოველები ხშირად უფრო არაპროგნოზირებადები და აგრესიულები ხდებიან, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საკვების მოძიება ყოველდღიურად უწევთ.

mey1

ამ საკითხთან დაკავშირებით Jnews-ს ახალქალაქის მაცხოვრებელმა, მეირანუშ მელქონიანმა მიმართა, რომელსაც ძალიან უყვარს ცხოველები და სახლშიც რამდენიმე ძაღლი ჰყავს.

მეირანუშს მიაჩნია, რომ ქალაქში მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარება არა მხოლოდ ჩივილით, არამედ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯებითაც არის შესაძლებელი. მან და მისმა დამ გამოთქვეს მზადყოფნა, თავად გამოკვებონ ახალქალაქსა და „გოროდოკში“ მყოფი მიუსაფარი ძაღლები, თუ ცხოველების მოყვარულები და ქველმოქმედების მსურველები მათ ძაღლის საკვების შეძენაში დაეხმარებიან.

mey2

„ძალიან მიყვარს ძაღლები და მშიერ ცხოველს გულგრილად გვერდს ვერ ავუვლი. თუ ხალხი საკვების შეძენაში დაგვეხმარება, მე და ჩემი და მზად ვართ, ქალაქსა და „გოროდოკში“ ძაღლები გამოვკვებოთ“, — ამბობს მეირანუში.

ის მიმართავს ყველას, ვისაც ქალაქში მიუსაფარი და მშიერი ძაღლების პრობლემა აწუხებს. მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ ძაღლის საკვები მაღაზიაში და გადასცენ მეირანუშს. შემდგომში ის და მისი და ამ საკვებით ძაღლებს გამოკვებავენ.

mey3

ეს ინიციატივა, ერთი მხრივ, მშიერ ცხოველებს ეხმარება, მეორე მხრივ კი — ქალაქის მცხოვრებთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას უწყობს ხელს. რაც უფრო ნაკლები მშიერი და მიტოვებული ცხოველი იქნება ქუჩებში, მით უფრო ნაკლებია იმის ალბათობა, რომ მათ აგრესიული ქცევა გამოავლინონ.

mey4

ახალქალაქში მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარება, რა თქმა უნდა, სისტემურ და გრძელვადიან მუშაობას მოითხოვს, თუმცა მანამდე თითოეულ ადამიანს შეუძლია საკუთარი მცირე წვლილის შეტანა. ხანდახან ძაღლის საკვების ერთი ტომარა შეიძლება არა მხოლოდ რამდენიმე ცხოველის ყოველდღიურ საზრდოდ იქცეს, არამედ მოქალაქეების უსაფრთხოებაც უზრუნველყოს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მეირანუშ მელქონიანს შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 592-400-207.