საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, თელავში სტიქიის ასეთი შედეგების მიზეზი გახდა ძლიერი წვიმები, რამაც მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია. სტიქიის შედეგების შესაფასებლად, 12 ივლისის დილიდან ადგილზე უწყების გეოლოგები და ჰიდროლოგები მუშაობენ.
აღინიშნება, რომ 12 ივლისს, გამთენიისას, ძლიერი თავსხმა წვიმის შემდეგ მდინარე თელავისხევი კალაპოტიდან გადმოვიდა და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. თელავში ნალექის რაოდენობამ 57.3 მმ შეადგინა, რაც თვის ნორმის 85%-ია. იყალთოს სადგურზე კი 40.1 მმ ნალექი დაფიქსირდა.
მძლავრი ღვარცოფული ნაკადი წყლის დიდი მოცულობისა და წამოღებული მთის ქანების, ქვებისა და ხე-მერქნის შედეგად ჩამოყალიბდა. მდინარის შუა წელში არსებულმა სამმა ნაგებობამ (ე.წ. „ხერხეულიძის ნაგებობებმა“) ნაკადი ნაწილობრივ შეაკავა:
პირველმა ნაგებობამ თითქმის სრულად შეაჩერა მსხვილი ხეები;
მეორემ — ხე-ტყის ნაწილი;
მესამემ კი — ქვები და ხრეში.
მიუხედავად ამისა, ნაკადის ძალა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სამივე ნაგებობისთვის მარცხენა მხრიდან აევლო გვერდი: ღვარცოფმა ძველ გრუნტის გზაზე გაიარა, დააზიანა ნაპირსამაგრი კონსტრუქციები და ცალკეულ მონაკვეთებზე საგზაო საფარის დეფორმაცია გამოიწვია.
ქალაქის ფარგლებში მდინარის კალაპოტმა ვერ შეძლო ნაკადის სრულად გატარება, რის გამოც ღვარცოფი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა. ღვარცოფული ნატანის ძირითადი მასა თელავის ქვედა ნაწილში, რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტთან დაგროვდა.
საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აგრძელებენ ადგილზე მუშაობას და სტიქიის ზონის დეტალურ გამოკვლევას ატარებენ.