ღია სივრცეებში, მათ შორის მზეზე დატოვებულ ავტომობილებში განთავსებული სათამაშოები სახიფათოა, ვინაიდან მაღალი ტემპერატურა მავნე ნივთიერებების გამოყოფას იწვევს“, — განაცხადა ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „შენი დრო“, სადაც ღია სივრცეებში სათამაშოების გაყიდვის საკითხს განიხილავდნენ.
მისი თქმით, აუცილებელია სათამაშოების ბაზრის შესწავლა. როგორც მაია ჩხაიძე აღნიშნავს, უნდა განისაზღვროს კრიტერიუმები, თუ რომელი ქვეყნებიდან და რა შემადგენლობის სათამაშოების იმპორტი იქნება ნებადართული.
„ღია ცის ქვეშ, მათ შორის მანქანაში, მზის გულზე დატოვებული სათამაშოები სახიფათოა, რადგან მაღალი ტემპერატურის გამო მავნე ნივთიერებები გამოიყოფა, მათ შეიძლება ფორმაც კი დაკარგონ და გასკდნენ. მზეზე დატოვებული სათამაშო საშიშია, რადგან ჩვენ არ ვიცით, რა ნივთიერებებისგან არის ის დამზადებული“.
პლასტმასის სათამაშოები უწყინარი ჩანს, თუმცა ეს ასე არ არის — ბაზარზე ჩატარებული რამდენიმე კვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ისინი ტოქსიკურ საღებავებს შეიცავენ. ხშირი გამოყენებისას ეს პროდუქტები ხასიათდება კანცეროგენული მოქმედებით, უარყოფითად მოქმედებს ფერტილობაზე (შვილოსნობის ფუნქციაზე), ენდოკრინულ სისტემაზე და ა.შ.
საჯარო სივრცეებში არსებული ამ სათამაშოების ბაზარი საკმარისად არ არის შესწავლილი. საჭიროა მკაცრი რეგულაციების შემოღება, რაც განსაზღვრავს, რომელი ქვეყნებიდან შეიძლება მათი იმპორტი, როგორი უნდა იყოს შემადგენლობა, მიეთითება თუ არა ასაკობრივი კატეგორია და სხვა. მაგალითად, „პაზლებსა“ და „ლეგოზე“ ასაკობრივი ჯგუფი მითითებულია, თუმცა მათი წვრილი დეტალები მაინც ძალიან სახიფათოა.
„ყველა კლინიკას აქვს თავისი მუზეუმი, სადაც სასუნთქი გზებიდან და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ამოღებული უცხო სხეულები ინახება. სხვათა შორის, მსგავსი შემთხვევები მოზრდილ ბავშვებშიც ფიქსირდება. სათამაშოების მრგვალი ელემენტები ბავშვების კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ყველაზე ხშირად აღმოჩენილი უცხო სხეულებია. თუ ბავშვი ელემენტს კბილს დააჭერს და მისი მთლიანობა დაირღვევა, ეს დამწვრობას გამოიწვევს“, — განაცხადა მაია ჩხაიძემ.