ახალქალაქის სამუსიკო სკოლა ქალაქის ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ის 1950-იანი წლების დასაწყისში დაარსდა და განთავსებულია ისტორიულ შენობაში, რომელიც ოდესღაც ოგანჯანიანების ოჯახს ეკუთვნოდა. სხვადასხვა წლებში ამ შენობაში ფოსტის განყოფილება ფუნქციონირებდა, მოგვიანებით კი სამუსიკო სკოლა გაიხსნა. შენობა უკვე მრავალი წელია რეაბილიტაციას საჭიროებს.
სკოლის აღსაზრდელები რეგულარულად მონაწილეობენ რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში, სადაც ლაურეატები და პრიზიორები ხდებიან. თუმცა, მოსწავლეების მაღალი შედეგების მიუხედავად, სკოლა უკვე მრავალი წელია სერიოზული პრობლემის წინაშე დგას — ეს არის შენობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. JNEWS მა არაერთხელ დაწერა, რომ სახურავიდან წყალი ჩამოდის, შენობის ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია, სასწავლო კლასები კი კაპიტალურ რემონტსა და განახლებას საჭიროებს.
შენობის კაპიტალური რემონტის საკითხი უკვე რამდენიმე წელია ღიად რჩება. 2023 წელს ადგილობრივი ხელისუფლება რეკონსტრუქციის პროექტის მომზადების შესახებ იტყობინებოდა. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნაწილობრივ რემონტზე უარი ეთქვათ კაპიტალური რეკონსტრუქციის ან ახალი კორპუსის მშენებლობის სასარგებლოდ, ისტორიული ფასადის შენარჩუნებით. 2025 წელს პროექტის განხორციელება საჭირო ფინანსების არქონის გამო კვლავ გადაიდო.
წელს ახალქალაქის მერიამ კვლავ განაცხადა სამუსიკო სკოლის კაპიტალური რემონტის გეგმების შესახებ. მუნიციპალური ხელისუფლების ინფორმაციით, განიხილება ისტორიული შენობის სრული რეაბილიტაციის პროექტი მისი არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებით. თუმცა, სკოლის რემონტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, რომლის ვებგვერდზეც სამუსიკო სკოლის რემონტთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ იძებნება.
ახალქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის, არა მოვსისიანის თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა სკოლა უკვე მოინახულეს, თუმცა პროექტის შემდგომი ბედი ჯერ კიდევ უცნობია.
„შენობა დავათვალიერეთ, ისინი მის მდგომარეობას გაეცნენ. ავუხსენით, რომ ფასადი არსებული სახით უნდა შენარჩუნდეს, ხოლო შენობის შიდა ნაწილი სრულად უნდა განახლდეს. ამის შემდეგ ისინი წავიდნენ. მეტი არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს: დაიწყეს თუ არა პროექტზე მუშაობა, გამოცხადდა თუ არა ტენდერი — არ ვიცით. დღეის მდგომარეობით სხვა სიახლე არ არის. შენობა შიგნიდან კაპიტალურ რემონტს საჭიროებს, რათა თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამებოდეს. სამუშაოების დაწყებამდე მათ პროექტი უნდა წარმოდგვიდგინონ და თანხმობა მიიღონ. ეს ჯერ არ მომხდარა“, — განაცხადა არა მოვსისიანმა.
გასული წლების დაპირებები
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2023 წელს ახალქალაქის მერმა, მელქონ მაკარიანმა განაცხადა, რომ რეკონსტრუქციის პროექტი უკვე მზად იყო. მაშინ სკოლას პროექტორები ეწვივნენ, რომლებმაც ყველა საკითხი სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილეს. დაგეგმილი იყო შენობის ისტორიული ფასადის შენარჩუნება, ხოლო უკანა ნაწილის, სადაც ნგრევებია, კაპიტალურად შეკეთება. სამუშაოების დასრულება 2023 წლის ბოლომდე ივარაუდებოდა.
თუმცა, შემდგომში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნაწილობრივ რემონტზე უარი ეთქვათ და შენობის სრულფასოვანი რეკონსტრუქცია ჩაეტარებინათ. მიუხედავად ამისა, საკითხი არც 2023 და არც 2024 წელს არ გადაჭრილა.
როგორ იმუშავებს სკოლა შესაძლო რემონტის დროს
ღიად რჩება სასწავლო პროცესის ორგანიზების საკითხიც შესაძლო სარემონტო სამუშაოების პერიოდში. გასულ სასწავლო წელს ახალქალაქის სამუსიკო სკოლაში 167 მოსწავლე სწავლობდა, საიდანაც 34-მა სწავლა დაასრულა. სკოლის დირექტორის, სვეტლანა კაროიანის თქმით, პირველ კლასში ყოველწლიურად დაახლოებით 40 ბავშვს იღებენ.
დირექტორის განცხადებით, რემონტის დაწყების შემთხვევაშიც კი სასწავლო პროცესი არ შეჩერდება.
„თუ რემონტი დაიწყება, უკვე გადავწყვიტეთ, რომ შევძლებთ სხვადასხვა დაწესებულებებში გადანაწილებას და სწავლის გაგრძელებას. საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია გაკვეთილები სახლშიც ჩავატაროთ — ასეთი გამოცდილება უკვე გვაქვს. ჩვენ გვაქვს გადასატანი მუსიკალური ინსტრუმენტები, ასე რომ, ეს საკითხი მოგვარებადია. ყველაზე მთავარია, რემონტი როგორც იქნა დაიწყოს. მით უმეტეს, ფონდის წარმომადგენლები უკვე მოვიდნენ და სკოლა დაათვალიერეს“, — ამბობს სვეტლანა კაროიანი.