ბევრი ახალგაზრდა, განსაკუთრებით პროვინციაში, ხშირად მცირედითაც კმაყოფილდება: ირჩევს ნაცნობ პროფესიას, სტანდარტულ სამსახურს, ინტერესთა ვიწრო წრეს და იმ შესაძლებლობებით შემოიფარგლება, რასაც პატარა ქალაქები თუ სოფლები სთავაზობთ. თუმცა, ყოველთვის არსებობენ მეოცნებეები — ადამიანები, რომლებიც არ ეგუებიან გარემოებების მიერ თავსმოხვეულ საზღვრებს და ყოველდღიურობის ჩარჩოებიდან გამოსვლას ლამობენ. ერთ-ერთი ასეთი მეოცნებე 24 წლის კარენ ხრიმიანია. მისი ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია საკუთარი ძალების რწმენას, ამბიციასა და უკეთესისკენ სწრაფვას, ადამიანს იმ ადგილის შეზღუდვები გადაალახვინოს, სადაც დაიბადა და გაიზარდა.
კარენი ჩვეულებრივი მოსწავლე იყო — ცოტათი ჩაკეტილი, მშვიდი, თუმცა მდიდარი შინაგანი სამყაროთი. დიდ დროს ატარებდა საკუთარ ინტერესებში ჩაძირული და სწავლობდა იმას, რაც მართლაც იტაცებდა. ჯერ კიდევ მაშინ ამჟღავნებდა თვისებას, რომელიც მოგვიანებით მის მთავარ უპირატესობად იქცა: სიახლეების შეცნობის ლტოლვასა და საკუთარი გზით სიარულის სურვილს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გზა გარშემომყოფებისთვის უჩვეულო იყო.
როგორც ბევრმა ახალგაზრდამ, კარენმაც ის პროფესია აირჩია, რომელიც იმ პერიოდში გულთან ახლოს და საინტერესოდ ეჩვენებოდა — მარკეტინგი. სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად ერევანში გაემგზავრა, სადაც იმ დროისთვის ახალი და სწრაფად განვითარებადი მიმართულება — SMM (სოციალური მედიის მარკეტინგი) აღმოაჩინა. ამ სფერომ მყისვე მიიპყრო მისი ყურადღება: მასში ერთიანდებოდა შემოქმედებითობა, ტექნოლოგიები და იმის ძალა, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები სხვადასხვა იდეასა თუ პროექტს. კარენისთვის ეს მხოლოდ სწავლა არ ყოფილა — ეს იყო მისი პირველი ნაბიჯი თანამედროვე ციფრული შესაძლებლობების სამყაროში.
თუმცა, დროთა განმავლობაში კარენი მიხვდა, რომ მისი ნამდვილი ინტერესი სრულიად სხვა სფეროში იყო. მისმა გზამ მოულოდნელად მკვეთრი ბრუნი გააკეთა SMM-ისა და მარკეტინგისგან სრულიად შორს — ფიტნესისა და ბოდიბილდინგის სამყაროსკენ. ის, რაც თავიდან უბრალო გატაცებად დაიწყო, თანდათანობით მისი ცხოვრების ნაწილად და ახალ მიზნად იქცა — მიზნად, რომელიც ახალქალაქში პოპულარულ ინტერესთა სიას ნამდვილად არ მიეკუთვნება.
„მინდა პროფესიონალურ ბოდიბილდინგს საფუძვლიანად ჩავუღრმავდე და ამაზე კარიერა ავაგო. მსურს, კვლავაც მოვემზადო შეჯიბრებებისთვის, ვივარჯიშო და პერსონალური მწვრთნელი გავხდე“.
ყველაფერი მწვრთნელთან ერთად უბრალო, სამოყვარულო ვარჯიშით დაიწყო. თუმცა, მწვრთნელმა მასში პოტენციალი დაინახა და შეჯიბრებისთვის მომზადება შესთავაზა. კარენს თავიდან ეჭვი შეეპარა, მაგრამ მალევე „აზარტში შევიდა“.
მისი ცხოვრების პირველი შეჯიბრება ბოდიბილდინგში ბათუმში გაიმართა, სადაც იმ პერიოდში უამინდობა მძვინვარებდა. თავის პირველ გამოცდილებაზე ის ასე ჰყვება:
„პირველ დღეს, სტარტამდე ერთი დღით ადრე, ყველა ათლეტი გადის აწონვას, სიმაღლისა და წონის გაზომვას. აქედან გამომდინარე, გვეკითხებიან, თუ რომელ კატეგორიაში გამოვალთ. კონკრეტულად ჩემი კატეგორიაა Men’s Physique (მენს ფიზიკი). ამინდის პირობების გამო იძულებულები გავხდით, სწრაფად გამოვსულიყავით, საკუთარი თავი გვეჩვენებინა და სცენა დაგვეტოვებინა. სივრცე ღია იყო, თუმცა ყველაფერი შესანიშნავად იყო ორგანიზებული. კონკრეტულად ჩემს კატეგორიაში მაქსიმალურად კარგი რელიეფია საჭირო. კუნთები კარგად უნდა იყოს გამოკვეთილი. დიდ ყურადღებას აქცევენ მხრებს, პრესს, ზურგის უგანიერეს კუნთებსა და მთლიანად ზურგს. ფეხებს ასეთ დიდ ყურადღებას არ აქცევენ“, — ჰყვება კარენი.
ამ შეჯიბრებაზე მან პირველი ადგილი დაიკავა.
„ჩემს ემოციებს საზღვარი არ ჰქონდა. ამამ მოტივაცია მომცა, წინ მევლო და არ გავჩერებულიყავი. უპირატესობა ისაა, რომ ეს ჩემთვის დიდი პიარი იქნება. როდესაც უკვე მწვრთნელი გავხდები, შემიძლია ეს ჩემს შედეგად გამოვიყენო, რაც მომავალში ძალიან დიდ როლს ითამაშებს. ჩემმა პოტენციურმა მოსწავლეებმა ეცოდინებათ, რომ აი, ამ ადამიანმა საქმე იცის და ერკვევა“, — ამბობს ის.
კარენი მუდმივად ცვლის ვარჯიშის რეჟიმს. თავიდან კვირაში ოთხი დღე ვარჯიშობდა, შემდეგ დატვირთვა ხუთ დღემდე გაზარდა. ახლა კი, როდესაც ერევანში თებერვალში გასამართი შეჯიბრებისთვის ემზადება, უკვე კვირაში 5–6 დღე ვარჯიშობს. მისი მიზანია, მომზადებიდან მაქსიმუმი გამოწუროს და მომავალ ტურნირზე საუკეთესო შედეგი აჩვენოს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოდიბილდინგი დიდი ხანია ცნობილია, როგორც სპორტის ცალკეული სახეობა, ინფორმაცია მისი პოპულარობისა და განვითარების შესახებ სომხეთსა და საქართველოში მასობრივი მაინც არ არის. ბევრისთვის ეს სპორტი ჯერ კიდევ ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება, თუმცა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ფიტნესსა და ბოდიბილდინგს ირჩევენ, თანდათან იზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქი ყოველთვის ითვლებოდა სპორტულ ქალაქად, სადაც განვითარებულია სპორტის ისეთი სახეობები, როგორიცაა კრივი, კიკბოქსინგი, კარატე, ჭიდაობა, მკლავჭიდი და სხვა მიმართულებები, ბოდიბილდინგი აქ მაინც ნაკლებად გავრცელებულია. სწორედ ამიტომ, კარენის არჩევანი განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურება: მან აირჩია მიმართულება, რომელიც ამ ქალაქისთვის ჯერ კიდევ არ არის ტრადიციული. მან გადაწყვიტა განვითარებულიყო სფეროში, სადაც შედეგი დამოკიდებულია არა მხოლოდ ფიზიკურ მონაცემებზე, არამედ მკაცრ დისციპლინაზე, საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობასა და ჩვეული ჩარჩოებიდან გამოსვლის უნარზე.
„ჩემთვის სცენაზე გამოსვლა ბოჭვასთან არ ასოცირდება, რადგან თუ ლამაზი სხეული გაქვს, ვფიქრობ, მისი დამალვა არ არის საჭირო. ამას სრულიად მშვიდად ვუყურებ. მადლობა ჩემს მწვრთნელს, რომელმაც ასეთი კარგი სხეული მაჩუქა. ახლა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვარ, თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს შორს არის ზღვრისგან. რაც უფრო შორს წავალ, მით უკეთესი. ვიცი, რომ ახალქალაქში პროფესიონალური ბოდიბილდინგი განვითარებული არ არის. ცოტა თუ გაბედავს ასეთ დონეზე გასვლას, რადგან საჭიროა მკაცრი დიეტის დაცვა, ყველაფრის დათვლა: კალორიების, რას ჭამ, რომელ საათზე ჭამ… მხოლოდ დიეტა არა, ძილსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დისციპლინა პირველ ადგილზეა. უბრალოდ დარბაზში სიარული და ვარჯიში საქმის მხოლოდ 5%-ია. დანარჩენი დიეტა, ძილი და დისციპლინაა. მე დავძლიე ჩემი შიში — ადრე საკუთარი სხეულის მრცხვენოდა. ფაქტობრივად, გარეთ არ გავდიოდი, თავს არ ვაჩენდი. ახლა კი ნელ-ნელა გამოვდივარ. დიახ, დიდი შიშები მქონდა, ვაითუ არ გამომივიდეს-მეთქი“.
კარენი აღნიშნავს, რომ სპორტის წყალობით მას არა მხოლოდ სხეული, არამედ აზროვნებაც შეეცვალა. ბევრ რამეს სხვანაირად დაუწყო ყურება, უფრო დისციპლინირებული გახდა და დარწმუნებულია, რომ სწორედ ამ შინაგანმა ზრდამ მოახდინა გავლენა მის შედეგებზეც. მისი თქმით, მკაცრი რეჟიმის დაცვა მისთვის მძიმე გამოცდა სულაც არ ყოფილა. პირიქით, ის სიამოვნებას იღებდა თავად პროცესისგან — ვარჯიშისგან, კვებისგან, საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობისა და თანდათანობითი ცვლილებებისგან. მისთვის ეს შეზღუდვა კი არა, ცხოვრების წესი გახდა. კარენი აღიარებს, რომ ძველ ცხოვრებასა და სპორტსმენის მკაცრ დისციპლინას შორის არჩევანის გაკეთება რომ მოუწიოს, ის კვლავ ამ გზას აირჩევდა. მისი მთავარი მიზანია გაიგოს, რა მაქსიმალურ დონეს მიაღწევს და იხილოს საკუთარი ფიზიკური ფორმის ნამდვილი პიკი.
„კონკრეტულად ჩემთვის, ახლა ეს უფრო ცხოვრების წესია. თუმცა, ვგეგმავ, რომ პროფესიად ვაქციო. დიახ, რა თქმა უნდა, ამით ფულის გამომუშავება შესაძლებელია, თუკი ასპარეზობას გავაგრძელებ და გარკვეულ ტიტულებს მოვიპოვებ“, — ამბობს ის.
კარენ ხრიმიანის ინტერესები მხოლოდ პროფესიითა და ბოდიბილდინგით არ შემოიფარგლება, ის SMM-ითაცაა დაკავებული და ხანდახან მოდის ჩვენებებშიც მონაწილეობს.
„უფრო მარტივიაო… უფრო სწორად, მარტივი კი არა, ამ ცხოვრებაში მარტივი არაფერია. მაგრამ როდესაც აკეთებ იმას, რაც რეალურად გიყვარს, ის ავტომატურად ხდება მარტივი, მიუხედავად ყველა სირთულისა. იმას არ ვამბობ, რომ SMM არ მიყვარდა — მიყვარდა, მაგრამ პროფესიონალური ბოდიბილდინგით დაკავების შემდეგ უკვე ვიპოვე ჩემი საქმე. ეს ჩემია და მინდა მას უფრო ღრმად ჩავყვე, ამ მიმართულებით განვვითარდე. რაც შეეხება SMM-სა და მარკეტინგს, მას მომავალში გამოვიყენებ, როცა მწვრთნელი გავხდები. ამ ცოდნას საკუთარი წინსვლისთვის, პიარისა და მუშაობისთვის გამოვიყენებ. დიახ, მუშაობისთვის. ასე რომ, SMM და მარკეტინგი ახლა უფრო მეორე პლანზეა“.