სოფელ სულდის მცხოვრებთა საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიმართვა გაუგზავნა ახალქალაქი–კარწახის საერთაშორისო გზის რეაბილიტაციისთვის სასწრაფო ზომების მიღების მოთხოვნით. რამდენიმე დღეში მიმართვას ხელი 115 ადამიანმა მოაწერა, მათ შორის ჯავახეთის სხვადასხვა სოფლისა და ქალაქის, ასევე სომხეთის დედაქალაქის მცხოვრებლებმა, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებმა და ტურისტებმა.
მიმართვის ინიციატორები სოფელ სულდის ხუთი მცხოვრები გახდა: ფელიქს სეირანიანი, გარიკ მოსიკიანი, ჯანიბეკ პეტროსიანი, თოლიკ მარუკიანი და ჰარუთიუნ მარუკიანი.
წერილის გაგზავნამდე მათ გადაწყვიტეს მიმართვა საჯარო გაეხადათ, რათა მას შეერთებოდა ყველა, ვინც ასევე კრიტიკულად მიიჩნევს ახალქალაქი–კარწახის გზის მდგომარეობას. ამ მიზნით, Jnews-მა გამოაქვეყნა მიმართვის ტექსტი და ინიციატივის მხარდაჭერის მოწოდება
ახალქალაქის მაცხოვრებლებმა მთავრობისადმი მიმართვისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს
სამ დღეში წერილს ხელი 115 ადამიანმა მოაწერა. მიმართვის გაგზავნის შემდეგ მას კიდევ 15 ადამიანი შეუერთდა.
ხელისმომწერთა შორის არიან სოფლების: სულდის, ვაჩიანის, ჩამდურას, კარწახის, ბოზალის, ხულგუმოს, ზაკისა და ოლავერდის, ასევე ახალქალაქის, განსაკუთრებით კი ყოფილი სამხედრო ქალაქის მრავალი მცხოვრები. მიმართვას მხარი დაუჭირეს იმ ადამიანებმაც, რომლებიც ამ გზის გასწვრივ არ ცხოვრობენ, მათ შორის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა, ტურისტებმა და საერთაშორისო ტრასით რეგულარულად მოსარგებლე სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა.
ხელისმომწერთა შორის არის ვლადიმერ გარმაშიც (მინსკი, ბელარუსი), საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი, რომელმაც საკუთარ ხელმოწერას კომენტარიც დაურთო: „ამ გზით მუდმივად ვსარგებლობ და სრულად ვუჭერ მხარს ამ მიმართვას“.
გულგრილი არ დარჩენილა არც ტურისტი სვეტლანა ტიშჩენკო, რომლისთვისაც სულერთი არ არის, თუ როგორი იქნება ეს გზა.
ინიციატორების თხოვნას ასევე შეუერთდნენ ნოდარ აბულაძე თბილისიდან, ეპრაქსი ბაღდოიანი, არმენ მკრტჩიანი და სხვები ერევნიდან.
მიმართვის ერთ-ერთი ინიციატორის თქმით, მოსახლეობამ გადაწყვიტა გამოიყენოს ყველა შესაძლო კანონიერი გზა პრობლემის მოსაგვარებლად.
„დიდი იმედი არ გვაქვს, რომ თავად წერილი შეცვლის სიტუაციას, თუმცა გვსურს ყველა კანონიერი გზა გამოვიყენოთ, რათა ჩვენი ხმა მივაწვდინოთ, გვინდა იმედი გვქონდეს“, — აღნიშნა მიმართვის ერთ-ერთმა ინიციატორმა.
შეგახსენებთ, რომ წერილში მოსახლეობა პასუხისმგებელ სტრუქტურებს შეკრებისა და სწრაფი და სრულფასოვანი გადაწყვეტის მოძიებისკენ, ანუ ახალქალაქი-კარწახის გზის რეაბილიტაციისკენ მოუწოდებს. ისინი წერილში ხაზგასმით აღნიშნავენ, თუ რამდენად გააუარესა გზის მდგომარეობამ მათი ცხოვრების ხარისხი.
„ამ მდგომარეობაში ყოფნა უბრალოდ გაუსაძლისია, თუმცა სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მუნიციპალურ ცენტრში სიარულს თავს ვერ ავარიდებთ — ჩვენი სოფლები არ არის იმ დონეზე უზრუნველყოფილი ყველა მომსახურებითა და საქონლით, რომ მუნიციპალურ ცენტრში იშვიათად ვიაროთ“, — ნათქვამია წერილში.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ გზის რეაბილიტაცია მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთზე სიტუაციას ვერ გამოასწორებს და საჭიროა გზის სრული რეაბილიტაცია.
„გვსურს შეგატყობინოთ, რომ წელს ამ გზაზე რეაბილიტაცია მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთზე იყო გათვალისწინებული, თუმცა მთელი გზა საჭიროებს საფუძვლიან რეაბილიტაციას. გთხოვთ, ასევე დაჩქარებულ ვადებში უზრუნველყოთ ახალქალაქი-კარწახის მთლიანი გზის შეკეთება/რეაბილიტაცია“.
აღსანიშნავია, რომ Jnews 2023 წლიდან მოყოლებული არაერთხელ აქვეყნებს მასალებს ახალქალაქი–კარწახის გზის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის შესახებ, თუმცა, მრავალი დაპირების მიუხედავად, ტრასის კაპიტალური რეაბილიტაცია დღემდე არ განხორციელებულა.