პირველი ივლისიდან ახალი წესები იწყებს მოქმედებას, რომლებიც ეხება არა მხოლოდ უსახლკარო, არამედ შინაურ ძაღლებსაც. თუ რა ვალდებულებები ჩნდება, ვინ არის პასუხისმგებელი და რა ჯარიმები წესდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტში — დეტალურად Jnews-ის მასალაში.
24 ივნისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლისა და მოვლის წესები დაამტკიცეს.
უსახლკარო ძაღლების პრობლემა, რომელიც უკვე დიდი ხანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად რჩება და საზოგადოებაში ფართოდ განიხილება, ამ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. აქედან გამომდინარე, მერიამ დღის წესრიგში შეიტანა შინაური ცხოველების ყოლისა და მოვლის წესის დამტკიცების საკითხი. მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა „შინაური ცხოველების ყოლისა და მოვლის წესები“, რომლებიც შემუშავებულია საქართველოს კანონის „შინაური ცხოველების შესახებ“ შესაბამისად. დადგენილება ძალაში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან შედის.
ეს წესები არეგულირებს ძაღლებისა და კატების ყოლას, მათ მოვლას, აღრიცხვასა და პოპულაციის კონტროლს. ისინი ასევე მიმართულია ცხოველთა დაცვისა და მათდამი ჰუმანური მოპყრობის პრინციპების დამკვიდრებისკენ. მუნიციპალიტეტში წესების იმპლემენტაციაზე პასუხისმგებლობა ახალქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურს დაეკისრა.
ამ წესების მიხედვით, ცხოველებს ენიჭებათ შემდეგი სტატუსები: პატრონიანი ცხოველი, მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ცხოველი, მიტოვებული ცხოველი და უპატრონო ცხოველი.
ცხოველი შინაურად მიიჩნევა, თუ იგი ოფიციალურად არის რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ცხოველის სტატუსი გაიცემა წერილობითი განცხადებისა და მუნიციპალურ ორგანოში რეგისტრაციის საფუძველზე.
მიტოვებულად მიიჩნევა ცხოველი, რომელიც პატრონმა ან მეთვალყურემ მიატოვა, ან რომელიც იმყოფება ისეთ სიტუაციაში, როდესაც მასზე კონტროლი არ ხორციელდება.
უპატრონოდ მიიჩნევა ცხოველი, რომელსაც არ ჰყავს პატრონი ან მეთვალყურე, ან შეუძლებელია მისი კუთვნილების დადგენა.
ცხოველის სტატუსის განსაზღვრა (პატრონის არსებობა ან უპატრონოდ აღიარება) უნდა განხორციელდეს პატრონის ან ახალი მეპატრონის ძებნის პროცედურების დაწყებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია
დოკუმენტის თანახმად, ყველა შინაური ცხოველი უნდა იყოს იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული ერთიან მონაცემთა ბაზაში, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად. ცხოველების რეგისტრაცია შეუძლიათ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოებს, ვეტერინარულ კლინიკებს, ცხოველთა თავშესაფრებსა და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავებულნი არიან ცხოველთა ყოლით.
აღინიშნება, რომ რეგისტრაციისას ერთიან მონაცემთა ბაზაში შედის ძირითადი ინფორმაცია ცხოველის შესახებ, მათ შორის მისი სახეობა, ჯიში, სქესი, დაბადების თარიღი, სახელი, შეფერილობა, განსაკუთრებული ნიშნები, ასევე მიკროჩიპის ან საიდენტიფიკაციო ნიშნის (ბირკის) ნომერი. გარდა ამისა, ბაზაში ფიქსირდება ინფორმაცია სტერილიზაციის ან კასტრაციის, ვაქცინაციის, აგრეთვე ცხოველის პატრონის ან მეთვალყურის შესახებ.
ფიზიკური პირებისთვის მიეთითება სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი მისამართი. იურიდიული პირებისთვის — ორგანიზაციის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და საკონტაქტო მონაცემები. ბაზაში ასევე აისახება ინფორმაცია ცხოველის სპეციალური სტატუსის შესახებ, მაგალითად, თუ იგი გამოიყენება მოსაშენებლად, მონაწილეობს გამოფენებში ან არის გზამკვლევი ძაღლი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეგისტრაციის შემდეგ მფლობელზე გაიცემა რეგისტრაციის მოწმობა, ხოლო ცხოველს ენიჭება ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი. მფლობელის საცხოვრებელი მისამართის, ცხოველის ყოლის ადგილის ან სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შეცვლის შემთხვევაში, ეს ინფორმაცია დროულად უნდა განახლდეს მონაცემთა ბაზაში.
დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ ცხოველთა რეგისტრაციას, ვალდებულნი არიან ახალი რეგისტრაციების, ასევე ჩატარებული სტერილიზაციისა და კასტრაციის პროცედურების შესახებ მონაცემები გადასცენ ერთიან ბაზას.
ცხოველის პატრონის მოვალეობები
„შინაური ცხოველების ყოლისა და მოვლის წესების“ მიხედვით, პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის სათანადო მოვლა, იზრუნოს მის კეთილდღეობაზე და დაიცვას ცხოველთა პოპულაციის კონტროლის მოთხოვნები. კერძოდ, პატრონი ვალდებულია დროულად მოახდინოს ცხოველის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია დადგენილი წესით, აგრეთვე დაიცვას უსაფრთხოების ყველა წესი მისი გასეირნების, გადაადგილებისა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. ამასთან, უნდა სრულდებოდეს საქართველოს კანონის „შინაური ცხოველების შესახებ“, ამ წესებისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნები.
ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება: რეგულარულად ჩაატაროს ვეტერინარული შემოწმება, გაუკეთოს საჭირო აცრები (მათ შორის, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია), ჩაატაროს სტერილიზაცია ან კასტრაცია, ან გამოიყენოს გამრავლების კონტროლის სხვა ნებადართული მეთოდები. ავადმყოფობის შემთხვევაში ცხოველი დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიყვანილი ვეტერინარულ კლინიკაში. პატრონი ვალდებულია აცნობოს მუნიციპალიტეტს ცხოველის დაკარგვის ან სიკვდილის, ასევე დაკბენის, თავდასხმის ან საშიში დაავადების ეჭვის შემთხვევების შესახებ. იგი ასევე ვალდებულია აალაგოს ცხოველის ფეკალიები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და დაიცვას დაღუპული ცხოველების უტილიზაციის წესები.
ასევე აღინიშნება, რომ ცხოველის პატრონი შეიძლება იყოს 16 წელზე უფროსი ასაკის პირი, რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს. პოტენციურად საშიში ძაღლების ყოლისთვის დამატებით საჭიროა ცნობა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. პატრონის გარდაცვალების შემთხვევაში, ცხოველის ყოლისა და რეგისტრაციის მოვალეობები გადადის მემკვიდრეზე. თუ ახალი პატრონი არ მოიძებნა, ცხოველი გადაეცემა თავშესაფარს.
თუ ცხოველი არ არის რეგისტრირებული, ვეტერინარული დაწესებულება ვალდებულია მოახდინოს მისი იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია მფლობელის ხარჯზე.
შეზღუდვები
საკრებულოს მიერ მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცხოველთა მოშენება დაშვებულია მხოლოდ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. პატრონი ვალდებულია დროულად განაახლოს ცხოველის სარეგისტრაციო მონაცემები, აცნობოს მისამართის ან კონტაქტების შეცვლის, მიკროჩიპის დაკარგვის შესახებ, ასევე დაარეგისტრიროს ნამატი და ცხოველის სხვა პირებისთვის გადაცემა. პოტენციურად საშიში ძაღლების მფლობელები ვალდებულნი არიან განათავსონ გამაფრთხილებელი ნიშნები მათი ყოლის ადგილზე. აკრძალულია ცხოველებისთვის კოსმეტიკური ოპერაციების ჩატარება (ყურებისა და კუდის კუპირება, კლანჭების მოცილება და სხვა მსგავსი პროცედურები), არარეგისტრირებული ცხოველების მოშენება ან მათი შეჯვარება გარეულ ცხოველებთან.
ასევე აკრძალულია ცხოველების მიყვანა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საავადმყოფოებში, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებსა და სხვა ადგილებში, სადაც ეს აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ცხოველების გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ უსაფრთხოების დადგენილი წესების დაცვით.
განისაზღვრა წესები იმ ორგანიზაციებისთვისაც, რომლებიც დაკავებულნი არიან ცხოველთა დაჭერით, სტერილიზაციითა და ჩიპირებით.
აკრძალულია არაჰუმანური ევთანაზია, ცხოველების მეთვალყურეობის გარეშე მიტოვება, მათდამი სასტიკი მოპყრობა და ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უწყობს ასეთ მოპყრობას. ცხოველების დაჭერა დასაშვებია, მაგრამ მხოლოდ კანონისა და ცხოველთა დაცვის წესების დაცვით. მათი ყოლა დაუშვებელია სკოლებში, საბავშვო ბაღებში, საავადმყოფოებსა და საბავშვო ან სპორტულ მოედნებზე. დაჭერის შემდეგ ცხოველს უნდა უზრუნველეყოს მოვლა: კვება, წყალი, ვეტერინარული დახმარება და ვაქცინაცია, ცოფის საწინააღმდეგო აცრის ჩათვლით. პირი, რომელმაც დაიჭირა ან ყავს ცხოველი, ვალდებულია დაარეგისტრიროს იგი, თვალი ადევნოს მის მდგომარეობას და აცნობოს მუნიციპალურ ორგანოებს დაავადებების, საშიში სიმპტომების ან ცხოველის სიკვდილის შესახებ. ცხოველებთან დაკავშირებული ყველა ქმედება უნდა იყოს ჰუმანური და შეესაბამებოდეს ცხოველთა დაცვის წესებს.
კონტროლი და თავშესაფარი
მუნიციპალიტეტი აკონტროლებს ცხოველთა ყოლის პირობებს და შეუძლია შეამოწმოს ისინი მფლობელებთან. თუ აღმოჩნდება, რომ ცხოველს არ უზრუნველყოფენ ნორმალური მოვლით ან ირღვევა წესები, ხელისუფლებას შეუძლია შეაჩეროს ცხოველის ყოლის უფლება და გადასცეს იგი სათანადო კონტროლის ქვეშ.
უსახლკარო ცხოველებზე ზრუნავს მუნიციპალიტეტი: მათ იჭერენ ჰუმანური მეთოდით, ამოწმებენ, არეგისტრირებენ, უკეთებენ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და, საჭიროების შემთხვევაში, სტერილიზაციას ან კასტრაციას. ასევე ცხოველებს უწევენ ვეტერინარულ დახმარებას და უტარებენ რეაბილიტაციას. დაჭერის შემდეგ ცხოველი შესაძლოა მოთავსდეს კარანტინში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დაავადების რისკი ან იგი ავლენს საშიშ ქცევას (მაგალითად, ადამიანის ან სხვა ცხოველის დაკბენის შემდეგ). ყველა პროცედურის შემდეგ მუნიციპალიტეტი ვალდებულია მოიძიოს ცხოველის პატრონი, მათ შორის მის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების გზით.
თუ ცხოველის პატრონის პოვნა ვერ ხერხდება, მუნიციპალიტეტს შეუძლია დაარეგისტრიროს იგი, როგორც უპატრონო და მიიღოს მოვლის ზომები. სავალდებულო დაჭერას ექვემდებარებიან ცხოველები, რომლებიც:
ყველა დაჭერილმა ცხოველმა უნდა გაიაროს აღრიცხვა, ვაქცინაცია და, საჭიროების შემთხვევაში, სტერილიზაცია. ამის შემდეგ ისინი შეიძლება დაბრუნდნენ ბუნებრივ გარემოში ან გადაეცენ ახალ პატრონებს, მაგრამ აუცილებლად საიდენტიფიკაციო ნიშნით. ძაღლების დაბრუნება აკრძალულია სკოლების, საავადმყოფოების, საბავშვო მოედნებისა და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიებზე. ევთანაზია დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით, ტკივილისა და ტანჯვის გარეშე, არაჰუმანური მეთოდები კი აკრძალულია.
სხდომაზე ასევე განიხილეს ახალციხეში უსახლკარო ძაღლების თავშესაფრის შექმნის საკითხი, თუმცა მისი გახსნის კონკრეტული ვადები ჯერ დადგენილი არ არის. ცალკე აღნიშნეს დეპუტატებმა, რომ ძაღლების ბრძოლების მოწყობა კანონით აკრძალულია და ითვალისწინებს დიდ ჯარიმებს. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა მხოლოდ ძაღლების პატრონებს, არამედ იმ ტერიტორიის მფლობელებსაც, სადაც ასეთი ღონისძიებები ტარდება.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ეს ზომები გათვალისწინებულია იმისთვის, რომ უსახლკარო ცხოველების პრობლემა ორ წელიწადში გადაიჭრას, რადგან აღნიშნული პრობლემა კონტროლიდან გამოვიდა და ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მოუგვარებელ საკითხს წარმოადგენს. თუმცა, საკრებულოს დეპუტატებმა ეჭვი გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი 1 ივლისიდან ამუშავდება, ვინაიდან ჯერ კიდევ არ არსებობს მკაფიო ხედვა, თუ როგორ დაიწყოს ეს პროცესი, და არც რეგულაციებია დაზუსტებული.