ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მდგომარეობა კრიტიკულია. Jnews უამრავ საჩივარს იღებს როგორც გზის საცხოვრებელ მონაკვეთზე მცხოვრები მოსახლეობისგან, ისე ამ გზაზე მოძრავი მძღოლებისგან. გზის სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიაში Jnews-ს განუცხადეს, რომ სამუშაოები ივლისამდე გადაიდო.
როგორც ადრე აღვნიშნავდით, ახალქალაქის ციხე-სიმაგრიდან სოფელ ვაჩიანამდე გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“ ახორციელებს. გამაგრებითი სამუშაოები უკვე ჩატარდა, თუმცა სამი კვირაა, რაც პროცესი შეჩერებულია. ქუჩა არ ირწყვება, მტვრის უზარმაზარი ღრუბლები კი ადგილობრივების ცხოვრებას გაუტანელს ხდის. არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ალერგია და სხვა დაავადებები, რაც მტვრის გამო კიდევ უფრო მწვავდება.
სოფელ დადეშამდე გზის მონაკვეთი მოასწორეს, თუმცა წვიმების შედეგად ორმოები კვლავ გაჩნდა. ხოლო სოფელ დადეშიდან სოფელ კარწახამდე მონაკვეთი საშინელ მდგომარეობაშია და ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის დაიწყება საგზაო სამუშაოები ან რომელი კომპანია განახორციელებს ამ მონაკვეთის მშენებლობას.
Jnews ყოველკვირეულად უკავშირდება საგზაო სამშენებლო სამმართველოს. წინაბოლოჯერ, 12 ივნისს, გვითხრეს, რომ სამუშაოები მომავალ კვირას განახლდებოდა, ხოლო ბოლოჯერ — 24 ივნისს — განაცხადეს, რომ სამუშაოები უკვე ივლისში დაიწყება.
თუ რა არის ამ შეფერხებების მთავარი მიზეზი, Jnews-ისთვის ჯერჯერობით უცნობია.