საქართველოში საქონლის ხორცის დეფიციტი შეიმჩნევა, რაც ფასების ზრდას იწვევს და იმპორტზე დამოკიდებულებას აძლიერებს. კომპანია „ცერტის“ დამფუძნებლის, ბიძინა გონაშვილის განცხადებით, ადგილობრივ ბაზარზე ხორცის ნაკლებობა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მასშტაბური ექსპორტია — უცხოელი მყიდველები მასში იმაზე მეტს იხდიან, ვიდრე შიდა ბაზარზე, რაც ექსპორტს ფერმერებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის. გარდა ამისა, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ხორცის წარმოების ხარჯები.
საწვავის, საკვებისა და მუშახელის გაძვირების გამო, ბევრმა მწარმოებელმა და კომპანიამ შეწყვიტა საქმიანობა, რამაც მიწოდების ჯაჭვის დარღვევა გამოიწვია.
„ნაკლებობა რეალური გახდა იმის გამო, რომ პირუტყვის მნიშვნელოვანი ნაწილი ექსპორტზე გავიდა — ეს ერთ-ერთი მიზეზია. მეორეც, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პირუტყვის გამოსაკვებად საჭირო ნედლეული საკმაოდ ძვირი ღირდა. ამას უნდა დაემატოს შრომის ბაზარზე მუშახელის მზარდი ღირებულებაც. ბევრმა კომპანიამ უბრალოდ უარი თქვა ამ ბიზნესზე.
დღეს ადგილობრივ ბაზარზე საქონლის ხორცის საკმაოდ სერიოზული დეფიციტია და ეს დეფიციტი სულ უფრო მწვავდება, რადგან მის აღმოსაფხვრელად არანაირი ზომები არ მიიღება. შედეგად, პროდუქტი საკმაოდ გაძვირდა“, — აცხადებს ბიძინა გონაშვილი.
მისივე თქმით, საქონლის ხორცის საცალო ფასი ამჟამად 35-დან 40 ლარამდე მერყეობს. გონაშვილი პროგნოზირებს, რომ ფასების ზრდის ტენდენცია ივლისსა და აგვისტოშიც შენარჩუნდება.
„ამ დროისთვის სიტუაცია ჯერჯერობით სტაბილურია; ანუ ფასების მომატება, რაც მოხდა, ამ ნიშნულზე გაჩერდა და მნიშვნელოვანი ზრდა არ შეიმჩნევა. თუმცა, ზაფხულში საქონლის ხორცის ფასი, როგორც წესი, იზრდება. ამიტომ, ჩემი აზრით, უნდა ველოდოთ, რომ ზაფხულში ფასები კიდევ უფრო მოიმატებს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ივლისსა და აგვისტოში, თუ ახლა შესასყიდი ფასი 24 ლარია, ის შეიძლება 25 ან 26 ლარამდეც კი გაიზარდოს.
დახლებზე საქონლის ხორცი 35-დან 40 ლარამდე ღირს. ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ხორცს 40 ლარად ყიდიან მაშინ, როცა ის 24 ლარად შემოვიდა, მაგრამ რეალურად 24 ლარი დაკლული პირუტყვის (ტანხორცის) მიწოდების ფასია, რასაც შემდეგ დამუშავება სჭირდება, ეს კი დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული და ხორცი გასაყიდად მხოლოდ ამის შემდეგ გამოდის“, — განმარტავს გონაშვილი.
მისი შეფასებით, მიწოდებისას ხორცის ფასის მატება მომხმარებლისთვის საცალო ფასს კიდევ დაახლოებით 1.50–3 ლარით გაზრდის.